რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, რათა მშვიდად განიხილონ, მისი თქმით, ორმხრივი ინტერესის საკითხები.
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უკეთესია, შევხვდეთ და მშვიდად ვისაუბროთ ყველა იმ სფეროზე, რომელიც საინტერესოა, როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე რუსეთისთვის“, - განაცხადა პუტინმა ტელეარხ "რუსეთი 24" - ის ეთერში, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
პუტინმა ტრამპს უწოდა "არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ პრაგმატული ადამიანიც", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თქმით, არ მიიღებს გადაწყვეტილებებს სანქციებზე, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკის ეკონომიკას.
იმავე ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დონალდ ტრამპთან მას "ყოველთვის ჰქონდა ექსკლუზიურად საქმიანი და ამავე დროს პრაგმატული და სანდო ურთიერთობა“.
"არ შემიძლია არ დავეთანხმო მას, რომ 2020 წელს მისთვის გამარჯვება რომ არ მოეპარათ, მაშინ შესაძლოა არ შექმნილიყო უკრაინაში კრიზისი“, - დასძინა პუტინმა. ამით მან დაადასტურა დონალდ ტრამპის პრეტენზია, რომელსაც არ დაუჭერს მხარს ამერიკული სასამართლოები, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები არაკეთილსინდისიერი იყო.