ესპანელებმა ინდიელების დამარცხება მძლავრი მოკავშირის დახმარებით შეძლეს, რომელიც მხოლოდ არკებუზების (ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი პირველსახეობა დასავლეთ ევროპაში) დენთი არ ყოფილა.
ახალი სამყაროს ტომების მთავარი მკვლელი ეპიდემიები აღმოჩნდა. ეს ბუმერანგი ჯერ ხარბ ესპანელებს, შემდეგ კი მთელ ევროპას მიეწია. აცტეკებმაც „აჩუქეს“ ძველი სამყაროს მოსახლეობას "საჩუქარი,“ რომელმაც მილიონობით ევროპელი იმსხვერპლა. შურისძიების ამ აქტში ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ჩვეულებრივი სიმინდი აღმოჩნდა.
ინდოელების "საჩუქრები"
კოლუმბის მიერ ამერიკიდან ევროპაში ჩატანილ მავნე კულტურათა შორის ყველაზე ცნობილია თამბაქო, რომელიც დღემდე კლავს მილიონობით ადამიანს. ქრისტეფორე კოლუმბი არ ეწეოდა, მაგრამ მის ეკიპაჟში როდრიგო დე ხერესი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც თამბაქოს მოწევა დაიწყო და სხვებსაც მაგალითი მისცა. ეკლესიამ მაშინვე სატანის მსახურებად შერაცხა თამბაქოს მოყვარულები, თუმცა თამბაქომ გაიმარჯვა და დღესაც აგრძელებს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას.
ესპანელებმა ინდიელები დაამარცხეს ისეთი დაავადებების "ჩუქებით", როგორიცაა ჩუტყვავილა, შავი ჭირი, ქოლერა და გრიპი. ინდიელებმაც, თავის მხრივ, ევროპას მანამდე უცნობი დაავადება სიფილისი „აჩუქეს.“ ამ ვენერული დაავადების პირველი ეპიდემია ევროპის მოსახლეობას მილიონობით ადამიანი დააკარგვინა. მხოლოდ 5 საუკუნის შემდეგ გამოიგონეს დაავადების წამალი, პენიცილინი.
ახალი სამყაროს კიდევ ერთი „საჩუქარი,“ რომელიც ევროპას მრავალ პრობლემას უქმნის, კოლორადოს ხოჭოა. ეს მავნებელი კარტოფილის ნარგავებს ანადგურებს და უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ფერმერებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები ინდიელებისგან აღებული ჩვეულებრივი სიმინდი ევროპელების მკვლელი?
XVIII საუკუნის დასაწყისში კატალონიაში უცნაური დაავადება გამოჩნდა, რომელსაც "ასტურიის კეთრი" უწოდეს. მოგვიანებით მას პელაგრა დაარქვეს. დაავადებულთა კანი უხეშდებოდა და ხის ქერქს ემსგავსებოდა. ერთ საუკუნეში ამ დაავადებამ 100 ათასზე მეტი ესპანელი იმსხვერპლა.
ექიმებმა დიდხანს ვერ დაადგინეს პელაგრას მიზეზი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადება თავს ძირითადად ღარიბ მოსახლეობას ესხმოდა, რომლებიც იაფფასიანი სიმინდით იკვებებოდნენ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიმინდის მარცვლები, სათანადო დამუშავების გარეშე, ნიაცინით (ვიტამინი B3) ღარიბია. ამ ვიტამინის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
მიუხედავად ამისა, ინდიელებს პელაგრა არ ჰქონიათ. აღმოჩნდა, რომ მეზოამერიკის მოსახლეობა სიმინდის მარცვლებს ნიქსტამალიზაციას უტარებდა – ტუტე გარემოში (კირხსნილი ან ხის ნაცარი) ამუშავებდა, რის შედეგადაც სიმინდი ვიტამინებით მდიდრდებოდა.
მანამ, სანამ ევროპელები ნიქსტამალიზაციის პროცესს გაეცნობოდნენ, სიმინდმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასე იქცა ამერიკული სიმინდი და აცტეკების სხვა „საჩუქრები“ ევროპელებისთვის ფატალურ წყევლად.