ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო.
22 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ფიქტიურ არჩევნებად შეაფასოს და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ლუკაშენკოს არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის რეჟიმი აგრძელებს დისიდენტების წინააღმდეგ სისტემატურ რეპრესიებს, მათ უკანონო დაპატიმრებას, წამებას, დევნასა და სასტიკ მოპყრობას.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, ლუკაშენკოს გარდა, ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ლუკაშენკო, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.