ავტორი:

"16 კილო დაკარგა, ორჯერ წაუვიდა გული" - მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

"16 კილო დაკარგა, ორჯერ წაუვიდა გული" - მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

გავრცელებული ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულმა ახალგაზრდებმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ, რომლებიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს. ინფორმაციას მათი ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, - რომელიც 22 იანვრის შემდეგ შიმშილობდა, - 16 კილოგრამი დაკარგა, მას ორჯერ წაუვიდა გული.

"როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახის წევრმა მითხრა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. გუშინ ორჯერ წაუვიდა გული. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, დაკლებული აქვს 16 კილო. გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციასაც. გუშინ, ასევე, ვითხოვდით სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას და აღნიშნულიც არ განხორციელებულა, როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მითხრა. დღეს უკვე მასთან მე შევდივარ. ასევე, მაქვს მათი [სახალხო დამცველის წარმომადგენლისა] და ჩემი კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც გაფრთხილებული მყავდა რომ იწერებოდა, სადაც უარს მიცხადებდნენ იმ მომენტში შესვლაზე, [ამბობდნენ] შევალთ, მაგრამ არ ვიცით როდისო. თუმცა, შაბათს შევიდნენ, მაგრამ ვერაფერი მოაგვარეს“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს დაიწყო.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს გამოაცხადა რევაზ კიკნაძემაც.

უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს.