გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილებმა, რომლებმაც "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, მსვლელობით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, რომლებსაც "ქართული ოცნების" ოფისის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს. ასევე გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.
ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მზია ამაღლობელი კი დაკავების დღიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-16 დღეა.