რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
რუსი გამომძიებლების განცხადებით, ბერიანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ერაყსა და ავღანეთში ნატო-ს სამხედრო მისიებში მონაწილეობდა, ხოლო, სავარაუდოდ, 2016 წელს "აზოვის“ პოლკს შეუერთდა.
"2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე ბერიანიძე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილში მსახურობდა. 2022 წლის 18 მარტს ბერიანიძემ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა. ბერიანიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.