წარსულში ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ გამბედაობა, ებრძოლათ საკუთარი აზრისთვის, დღეს ასეთი ადამიანები პრაქტიკულად არ არსებობენ, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ "რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს.
"ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავიდარაბა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით ევროპულ ელიტებს უფრო მეტად მოსწონდათ ჯო ბაიდენი, ხოლო ამერიკის ახალ ლიდერს, დონალდ ტრამპს განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.
"უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ტრამპი, აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ნამდვილად ერეოდნენ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში, შემდეგ კი დაიბნენ, როცა ტრამპმა მოულოდნელად გაიმარჯვა. მათ მენტალურად ბაიდენი უფრო მოსწონდათ. ტრამპს კი განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მათ შორის გენდერულ პოლიტიკაში და ზოგიერთ სხვა საკითხში. როგორც ჩანს, მათ ეს არ მოსწონთ", - განაცხადა პუტინმა.