დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
"შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში", - ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.
"დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.
თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრო ლიტვინი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, რომლის თქმითაც უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
"არ გვინახავს ბატონი კელოგის სრული ინტერვიუ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია. მაგრამ თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს წარუმატებელი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო წარმოების გაზრდას, სანქციების გვერდის ავლის ახალი გზების პოვნას და ნავთობიდან ფულის შოვნას. ცხადია, ყველა ეს იარაღი არ იქმნება დემოკრატიული მეზობლების პატივისცემის მიზნით. რუსეთის სამხედრო ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის პატივისცემა“, - დაწერა ლიტვინმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინას სურს, მისი მთავარი პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა უფრო სიღრმისეული მიდგომა გამოიჩინონ.