ავტორი:

“სპეცრაზმის წევრები დაკავებულებს ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყვნენ და რამდენისაც იყვნენ, იმდენჯერ ურტყამდნენ“ - ადვოკატი

“სპეცრაზმის წევრები დაკავებულებს ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყვნენ და რამდენისაც იყვნენ, იმდენჯერ ურტყამდნენ“ - ადვოკატი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებიც “თბილისი მოლთან“ დააკავეს, სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

ადვოკატის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დაკავებულებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და დამამცირებლად ექცეოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, გიგი უგულავასაც.

“3 პირი მოვინახულე. სისხლიანმა რეჟიმმა ადამიანებზე სისხლიანი ანგარიშსწორება მოახდინა, ისინი შემაძრწუნებელ ისტორიებს ჰყვებიან. მაგალითად, ორი ადამიანი ამბობს, რომ დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მერე ტროტუარზე დააგდეს, ამის შემდეგ, როცა მანქანაში ჩასვეს, სპეცრაზმის რამდენიმე წარმომადგენელი უსწორდებოდა ფიზიკურად, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგალითად, ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყვნენ და რამდენისაც იყვნენ, იმდენჯერ ურტყამდნენ. ეს ამაზრზენი, სადისტური, არაქართული საქციელია. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ გიგი უგულავასაც. როცა აკავებდნენ, ყელში უჭერდნენ და ფეხებში ურტყამდნენ ფეხებს, ეს პირდაპირ ძალადობა. როცა მანქანაში ბორკილდადებულ ადამიანებს ურტყამენ, ეს წამებაა და ყველა მათგანი წამების მუხლებით უნდა გასამართლდნენ“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ის, ასევე, იცავს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ისაკო დევიძესაც, რომელიც შაბათს, სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადვოკატი დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომის გადადებას მოითხოვს.

“ჩხრეკის დროს საქართველოს, ევროკავშირის დროშა და 2000 ლარი ამოიღეს, რომლითაც დედისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეუთითხნეს. ისაკო დევიძე 48 საათია შიმშილობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და არ არის აუცილებელი სხდომა დღეს ჩატარდეს“, - განაცხადა ტყეშელაძემ.