მეფე, რომელსაც ჭაბუა ამირეჯიბმა რომანი მიუძღვნა - გიორგი V ბრწყინვალეს მეფობა და მისი „ადამიანური მხარე“

მეფე, რომელსაც ჭაბუა ამირეჯიბმა რომანი მიუძღვნა - გიორგი V ბრწყინვალეს მეფობა და მისი „ადამიანური მხარე“

გიორგი V ბრწყინვალე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც ქვეყნის გაერთიანება, გაძლიერება და საქართველოდან დამპყრობლების, მონღოლების გაძევება შეძლო.

ქართველ მონარქს XIII საუკუნეში დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ჩააბარეს. იგი დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე იყო. აღიზარდა სამცხეში, დედის მამის, ბექა I ჯაყელის კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III. 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფობა გიორგი V-მ მიიღო. მისი ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება იყო.

თავდაპირველად, გიორგი V-მ მონღოლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა და დიპლომატია ამჯობინა. მან ბექა ჯაყელის კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლთა ნდობა, მეგობრობა ილხანის მთავარ ვაზირთან, ჩობან ნოინთან, რამაც საშინაო ვითარების შედარებით გამოსწორების საშუალება მისცა.

მეფემ შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა ყაჩაღური თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას. ასევე, ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს უდიდესი მეფე - გიორგი V, რომელიც ბრწყინვალეს სახელით შევიდა ისტორიაში, 1346 წელს გარდაიცვალა.

მეფეს კლასიკოსმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მიუძღვნა რომანი, რომელიც 2003 წელს გამოიცა. ისტორიული ნაწარმოები მხატვრულად მოგვითხრობს გიორგი ბრწყინვალეს პოლიტიკურ, სოციალურ თუ პირად ცხოვრებაზე, გვაჩვენებს დიდი მონარქის ადამიანურ მხარეს.

წიგნი კიდევ ერთხელ გამოიცა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების 5-ტომეულის ფარგლებში. პირველი ორი ტომი აერთიანებს XX საუკუნის უდიდეს რომანს - „დათა თუთაშხიას“, მესამე ტომი კი სწორედ „გიორგი ბრწყინვალეა“. წიგნები ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

R