ავტორი:

“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში

“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში

“ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.

  • ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და “საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან“.

“საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. მათ 10-წუთიანი მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, სიტყვით არავინ გამოსულა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყაველაშვილს მოხსენებისთვის და მის მიერ გაკეთებული შეფასებისთვის მადლობა გადაუხდა და პარლამენტის სხდომა ამით დაიხურა.

იხილეთ ასევე:

ვიდეოში იხილეთ მიხეილ ყაველაშვილის სრული გამოსვლა: