"ამ წუთის ინფორმაციით, თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე" - ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აღსანიშნავია, რომ "სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი.
საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რას ამბობენ ადვოკატები?
დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას.
"თუ მას ბრალი უკვე წარუდგინეს, რა თქმა უნდა, უდიდეს პროცედურულ დარღვევას აქვს ადგილი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ადვოკატი ვიყავი. იზოლატორში იყო ჩემი ორდერი, ე.ი. სისტემამ იცოდა, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, ე.ი. ყველანაირი უფლებრივი დარღვევით წაუყენეს ბრალი. მაგრამ თუ ამ მომენტში ბრალი არ არის ჯერჯერობით წაყენებული და შსს-მ უბრალოდ თქვა, რომ გამოძიება დაიწყო, ესეც, რა თქმა უნდა კანონდარღვევაა. ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის უკან თავის ცოლთან ერთად გაუსწორდნენ მანქანაში.
ყველა ხედავდა რომელი ადამიანი გაუსწორდა და დღემდე ის ადამიანი დაკავებული არ არის, ის არის პოლიციის მაღალჩინოსანი. დღეს, როცა უკვე მეორეჯერ გაუსწორდნენ, სხვა ქუჩაზე გზის გადაკეტვის დროს, როცა მათ გზა არ გადაუკეტიათ და სისტემა აბრალებს, რომ გზა გადაკეტეს. იქაც სცემეს, პირდაპირ ხარება გაუსწორდა. ამ თავისუფალ ადამიანებს დღეს აკავებენ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ახლა თქვენ გგონიათ აღკვეთ ღონისძიებაზე რამეს გაითვალისწინებენ? სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას. კანონი დარღვეულია, სამართალი ამ სასამართლოში არ არსებობს. ახალგაზრდა ბიჭი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავების დროს მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება. ტრანსპორტირების დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. რა თქმა უნდა, მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, რადგან ჩემი ორდერი იდო საქმეში და მინიმუმ ჩემთან დაკავშირება მაინც შეეძლოთ, როდესაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავდათ. ჩემთან არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რა გარემოება და რა ხორციელდება მათ მიმართ. აუცილებლად გავარკვევთ სად არიან ამჟამად ეს პირები და რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება მათ მიმართ.
მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე. არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.