"შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და იქ სამუშაოს განახორციელებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რა უფლებამოსილება აქვს სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დასაწესებლად, ტრამპმა უპასუხა, ამ საკითხს თვეების განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა.
"ვხედავ გრძელვადიანი მფლობელობის პოზიციას და ვხედავ, რომ ეს დიდ სტაბილურობას მოუტანს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შესაძლოა, მთელ ახლო აღმოსავლეთს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ღაზას სექტორი სიკვდილისა და განადგურების სიმბოლოა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი იქ ცხოვრობს ისაა, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ.
ტრამპის მტკიცებით, პალესტინელი ხალხი ეგვიპტესა და იორდანიაში უნდა გადასახლდეს და რომ პალესტინელებს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.
კითხვაზე, თუ ვინ იცხოვრებს საბოლოოდ ღაზაში, როდესაც მას აღადგენენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ადგილი.
"ჩემი წარმოდგენით, იქ იცხოვრებს მსოფლიო ხალხი, მსოფლიოს ხალხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან. ტრამპის თქმით, ღაზას სექტორი "ახლო აღმოსავლეთის რივიერა" გახდება.