"თბილისი-მოლთან“ გამართული აქციის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთმა მაინც მთელი სოციალური სივრცე მოიცვა - ახალგაზრდა ქალი სამართალდამცავებს 2008 წლის ომს ახსენებდა. ქალბატონი იმასაც ამბობდა, რომ ომში დაღუპულები და დაჭრილები გორიდან თავად გამოჰყავდა, რადგან პროფესიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია.
ანი ქავთარაძე პროფესიით მართლაც ექიმია. ამ ცოტა ხნის წინ ნაბიჯი პოლიტიკისკენაც გადადგა და დღესდღეობით პარტია "ახალის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
- როგორ აფასებთ, 2 თებერვალს, "თბილის მოლთან“ განვითარებულ მოვლენებს? რამ გამოიწვია თქვენი ემოციები, რაც ყველამ ერთად იმ ვიდეოში ვნახეთ...
- აქციაზე, როგორც ყოველთვის, აბსოლუტურად, მშვიდობიანად შევიკრიბეთ. ადამიანების საკმაო რაოდენობა იყო ტროტუარზე, შემდეგ პოლიტიკურმა ლიდერებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს, მათი კოორდინაციით გადაგვეკვეთა გზა და ხალხი საპირისპირო ზოლში გადასულიყო იმისთვის, რომ მოძრაობა რუსთაველის მიმართულებით დაგვეწყო. შეთანხმება მოხდა და დავიწყეთ მოძრაობა. შემდეგ პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ადამიანების ის ნაკადი გაეწყვიტა და დიდი ნაწილი ისევ "მოლთან“ დატოვა. ამან პროტესტი გამოიწვია, მოთხოვნა იყო, რომ ის ხალხიც გამოეშვათ. ამასობაში მოხდა შეხლა-შემოხდა, დაზიანდა "ტვ პირველის“ ოპერატორი. იქვე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფოს გადავაბარეთ...
სიტუაცია კიდევ დაიძაბა, - იმ ადამიანებზე იძალადეს, ვინც საპირისპირო მხარეს ვიყავით გადასულები. მოაწყვეს ჭყლეტა, დაკავებები. საბოლოოდ ამოვედით ზედა მხარეს, თბილისის შემოსასვლელთან და იმ ტერიტორიაზე, რომ ფეხით თბილისის ცენტრისკენ გვემოძრავა. იმ ჯგუფში ძირითადად ქალები აღმოვჩნდით. რამდენიმე ლოკაციაზე ჩვენი მისამართით იყო შეძახილი - 100-ლარიანი ქალები... განსაკუთრებული აგრესია ჰქონდათ ქალი პოლიტიკოსებისა მიმართ. ეს იყო როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე - ფიზიკურიც (რაც ვიდეო მასალაშიც ჩანს)... როგორც მივხვდი, ეს წინასწარ განსაზღვრული იყო, მაღალჩინოსნების მხრიდან გაცემული გახლდათ ბრძანება, რომ განსაკუთრებული დისკრედიტაცია მოეხდინათ ქალი დემონსტრანტებისა და პოლიტიკოსების მიმართ.
სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მე ვარ. ერთ-ერთში საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა ძალიან დამცინავად, აგდებით მოგვმართა. ვიყავით მე, ნინო კვიტაიშვილი და ნანა მალაშხია. ნინოს ძალიან ცუდად მიმართეს. შემდეგ სვლა გავაგრძელეთ, დაახლოებით 200-300 მეტრი გავიარეთ და სამართალდამცველების ერთ-ერთმა ჯგუფმა დაგვინახა და დაიწყეს გამოწვევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის საპასუხოდ ქალები მიტრიალდნენ და მანდაც იყო ხელით შეხება. მეორე ვიდეო უფრო მეტად გავრცელდა.
- სადაც თქვენ საკუთარ პროფესიაზე საუბრობთ...
- კი, იქ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უთხრა, რომ 2008 წელს იმისთვის არ დახოცილან ბიჭები, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოთ და ქვეყანა რუსებზე გაყიდოთო. რასაც მეც გამოვეხმაურე. მათი მხრიდან ისევ დამცინავი ტონი იყო, - მიდი ქალო, გაიარე და მსგავსი რაღაცები... ცდილობდნენ, ხელით შეგვხებოდნენ. მაგ პერიოდში ერთ-ერთმა პირადად შემაგინა. ვუთხარი, რომ 2008 წელს საუკეთესო ვაჟკაცები იმისთვის არ დახოცილან, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენონ-მეთქი. ერთი შენი ვინ იბრძოდაო? ამას მოჰყვა ჩემი განმარტება - იმ პერიოდში ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი-თქო... ეს ვიდეო სოციალურ ქსელში პროპაგანდისტებმა აგდებულად გაავრცელეს.
ჩემს პროფესიას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ჩემი კარიერა, როგორ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მაშინ დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 5 დღე და ღამე გადაბმულად ვმუშაობდი. ერთ ღამეს, გორის კლინიკიდან სამი დაჭრილი წამოვიყვანეთ. ჩაბნეულ ტრასაზე მოვდიოდით... იმ ბიჭებზე რომ ველაპარაკებოდი, იმის ახსნა მინდოდა, იქაც ბევრი იყო არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენელი. ისინი იბრძოდნენ, დაიჭრნენ, მათი ნაწილი, სამწუხაროდ, გმირულად დაეცა... და ამის საპირისპიროდ დღეს ქვეყანა იყიდება... ადამიანები წარსულში დაიღუპნენ არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებისას, ქვეყნის თავისუფლებისთვის, 9 აპრილს, თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც მძიმე რეპრესიები, დახვრეტა, გადასახლება იყო. ეს ხომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლის შედეგი გახლდათ... 2008 წლის ომშიც იმ ბიჭებმა ხომ არნახული თავგანწირვა გამოიჩინეს. ჩემი თვალით ვნახე არა მხოლოდ გარდაცვლილები, არამედ უხელო, უფეხო, საოცრად დასახიჩრებული ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს. იმ ქალების და კაცების ქვეყანაში მათ არავითარი უფლება აქვთ არა თუ ხელით შეეხონ ადამიანებს, საეროდ ხმა ამოიღონ ან რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენონ. ამან გამოიწვია ჩემი ემოციური ლაპარაკი...
- მედიცინაში რთული დარგი აგირჩევიათ, ეს საქმიანობა ხომ უშუალოდ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის...
- კი, ასეა და ამავე დროს ძალიან სტრესულია... ჩვენთვის სტრესი უცხო არ არის, უმძიმესი სიტუაციები მაქვს პროფესიულად გავლილი, მათ შორის, ომიც... მუშაობა მესამე კურსიდან "ჯოენის კლინიკაში“ დავიწყე ჯერ ექიმის დამხმარედ, შემდეგ ექთნად კარდიოლოგიაში და კარდიოქირურგიაში. კარდიო-რეანიმაციაში ხშირი შეხება მქონდა სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლასთან და ამ ყველაფრით მაშინ დავინტერესდი…
ბავშვობიდან მებრძოლი ვიყავი, სულ მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ჩვენს პროფესიაშიც ქალები არანაკლებ ძლიერები ვართ კაცებზე და ჩვენც შეგვიძლია სიკვდილთან ბრძოლა ისევე, როგორც მათ. ამიტომ ავირჩიე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობა. თან მაშინ ისიც დაემთხვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემერჯენსის დეპარტამენტი გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების პროგრესულად მოაზროვნეების დიდი გუნდი შეიკრიბა. ეს იყო დასავლური მედიცინის კერა, ისევე როგორც "ჯოენის კლინიკა“, რომელიც ამერიკელი ქალის, ჯოენის დახმარებით, 90-იან წლებში დაარსდა. ამასთანავე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, სადაც ამერიკული პროგრამა იყო. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა დასავლური მედიცინა, რომელიც ჩემს ქვეყანაში განვითარებას მაშინ იწყებდა. ამ მხრივ მინდოდა, რომ კრიტიკული მედიცინის განხრაში ჩემი წვლილი შემეტანა...
- ამ ეტაპზე გაქვთ სამედიცინო პრაქტიკა?
- ჩემს დარგში, ასევე ზოგადად ჩვენს სისტემაში ბევრი პრობლემაა, ჰოსპიტლის დონეზეც ხშირად უამრავ წინააღმდეგობასთან, უსამართლობასთან მიწევდა შეჯახება, ამიტომ მივხვდი, თუ სისტემურ ცვლილებას არ მივაღწევთ, ლოკალური ბრძოლები ფუჭია... მოკლედ, პოლიტიკისკენ ნაბიჯი გადავდგი და მხოლოდ ერთი პროექტი დავიტოვე, რომ პრაქტიკული საქმიანობა არ შემეწყვიტა. გერმანელი ბავშვთა ორთოპედი 2 თვეში ერთხელ საქართველოში ჩამოდის და მძიმე ბავშვებს, კერძოდ, ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონეებს ეხმარებიან. თუმცა არჩევნების მერე თუ საპარლამენტო სამუშაოს გავაგრძელებდი, ვიცოდი, რომ ეს შემეზღუდებოდა, მაგრამ ამ არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში, მეც, როგორც ჩემს თანაგუნდელებს, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებს, მანდატზე და მასთან დაკავშირებულ პრივილეგიებზე უარი მაქვს ნათქვამი.
- 2008 წლის ომიდან ყველაზე ემოციური პირადად თქვენთვის რა იყო?
- ბევრი რამ ემოციურიც და სტრესულიც... 2009 წელს სამუშაოდ ისრაელში წავედი, რომ ჩემი პრაქტიკული საქმიანობა პროგრესული და თანამედროვე გამხდარიყო. იქ ყოფნის პერიოდში, როდესაც ქართველი პაციენტები კლინიკაში ხვდებოდნენ, ქართველ ექიმს კითხულობდნენ - ხომ არ გყავთო. ერთ ღამეს ჩემს კარზე კაკუნი გაისმა და პაციენტის მამა, გვარად შაინიძე მესტუმრა. ჩემთვის ემოციური ის იყო, რომ ეს ადამიანი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, 3 ვაჟი ჰყავდა - ერთ-ერთი კოდორის ხეობაში დაეღუპა, მეორეც 2008 წელს ომში მძიმედ დაიჭრა და ისრაელში სამკურნალოდ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჰყავდათ ჩამოყვანილი. სამწუხაროდ, თავის ტვინის სერიოზული დაზიანება ჰქონდა. ის "რესპუბლიკურში“ ჩვენი პაციენტი იყო და ისე მოხდა, რომ ძალიან მალე ისრაელშიც შევხვდი. 2 ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა, შუნტი შეუცვალეს და იმ ოპერაციაზე მე ვიყავი ანესთეზიოლოგი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო... ისეთ მდგომარეობაში იყო მისი თავს ტვინი, იქ ნეიროქირურგები და ნევროლოგები დიდ იმედს არ აძლევდნენ. ოპერაცია დაძლია, მაგრამ შემდგომ როგორ განვითარდა მისი მდგომარეობა, არ ვიცი. იმ ადამიანს, სხვათა შორის, მესამე შვილიც დაჭრილი ჰყავდა... ძალიან ვაჟკაცი კაცი იყო, ამბობდა, თვითონაც ვიბრძოდი და შვილებიც ჩემი ქვეყნისთვის გავზარდეო. იმხელა ტრაგიზმი იყო ამ კაცის ემოციებში. ასეთი არაერთი ყოფილა... არასდროს დამავიწყდება, როცა ომის დროს ადამიანები ჩვენი კლინიკის კარზე გამოკრულ სიებში ახლობლებს ეძებდნენ... ამიტომ მხოლოდ ამ ადამიანების პატივისცემა არ მომცემს დანებების უფლებას...
- როგორც ვიცი, წინა ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაშიც იყავით და მაშინაც აქციებზე იდექით, ხომ?
- კი, ასე იყო. 7 ნოემბერს და 26 მაისს ექიმი რეზიდენტი ვიყავი და მე ვანაწილებდი პაციენტებს სიმძიმის მიხედვით ვინ სად უნდა შესულიყო - შოკის დარბაზში, ობსერვაციაში თუ თერაპიაში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაშინ ერთ-ერთი მსხვილი მიმღები იყო. კი, მართლა ბევრმა ადამიანმა გაიარა ჩემს ხელში. ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მაშინდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი, 2012 წელსაც აქტიურად ვმონაწილეობდი აქციებში - ძალადობას ვგმობდი და არ მინდოდა, გაგრძელებულიყო. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის - მაშინ ქვეყნის კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა და ხელისუფლებას ჰქონდა ცალსახად პროდასავლური კურსი, მაგრამ ამის შეუსაბამოდ მას ძალადობა და იმ ადამიანების თავზე ხელაღებულობა მიჰყვებოდა, რომლებიც მაშინ ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ, რასაც ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა არ ჰქონდა. ეს იყო ჩემი პროტესტის საგანი. ადამიანის უფლებები არცერთი ხელისუფლების პირობებში არ უნდა ირღვეოდეს - ის დასაგმობია და დასასრულებელი. ერთ რიგით მოქალაქეს იმისთვის არ მიბრძოლია, არ გამომიხატავს პროტესტი, რომ ახლა იმაზე ასჯერ უარესს ვუყურებდე.
- და "ქართული ოცნების“ მოყვანაში მონაწილეობა მიიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ მხარი დაუჭირეთ და ხმა მიეცით... პირველად როდის გაგიცრუათ იმედი "ოცნებამ“?
- მაშინ ვფიქრობდი, რომ ცვლილება აუცილებელი იყო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ მათთვის ხმა აღარ მიმიცია. შესაძლებელია იმ პერიოდში ცხადად არ ჩანდა, რომ კურსი იცვლებოდა... აქტიურად ვიყავი გარემოს დაცვით საკითხებში და პროტესტში ჩართული. იმდენ უსამართლობას ვხდებოდით გამწვანებასთან, მშენებლობასთან დაკავშირებით, მერიაში... მერე პროპაგანდისტული არხებით ყველაფერი მეტად გაშიშვლდა, გააქტიურდა, გაღრმავდა და გაცხადდა, რომ ქვეყნის კურსი რელსიდან გადავარდნილია და თან ყველა სისტემაში უკუსვლა მოხდა, მათ შორის, ჯანდაცვაში. ამ შედეგებს დღეს ვიმკით.
- და თქვენი შეფასებით რა პროცესები მიდის დღეს ქვეყანაში?
- რასაც ვხედავ, ივანიშვილმა გუნდში ის ადამიანები დაიტოვა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. საზოგადოებას ჰპირდებოდა კეთილდღეობას, მშვიდობას, ღირსებას და ამ სამი კომპონენტით ევროკავშირისკენ სვლას. დღეს ვხედავთ, რომ კეთილდღეობა ამ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს. ჰყავს უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი, მშიერი ბავშვები, ისეთებიც, რომლებსაც განათლებასა და ჯანდაცვის მთელ რიგ სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. გვყავს, პენსიონერები, რომლებიც არა მხოლოდ შიმშილობენ, არამედ აუცილებელ და მნიშვნელოვან მედიკამენტს ვერ ყიდულობენ. ღირსების და მშვიდობის ნაწილშიც ვხედავთ, რომ არანაირი მშვიდობა არ გვაქვს, კაცებად წოდებულები, ცდილობენ ღირსება აჰყარონ ამ ქვეყნის მოსახლეობას. ადამიანები, რომლებიც ტრადიციებზე საუბრობენ, ქუჩებში ქალებს შეურაცხყოფენ, ვაჟკაცობაზე საუბრობენ და ბორკილებდადებულ ადამიანებს უმოწყალოდ სცემენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ტრავმებს, რომლებსაც ისინი ბოლო თვეების მანძილზე ადამიანებს ქუჩაში აყენებენ, სასიკვდილო ტრავმებია. არ ვიცი, რამ გადაარჩინა ისინი, მათ შორის, ჟურნალისტები. ამიტომ უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობების ერა ამ ქვეყნის ისტორიაში. დროა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დადგეს ხანა, როდესაც შესაძლებელია მრავალპარტიულმა კოალიციურმა მმართველობამ, რომელიც დააბალანსებს ერთმანეთს და არავის მისცემს აღვირახსნილობის საშუალებას, არცერთ პოლიტიკურ ძალას. ასე წავა ქვეყანა მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და ღირსეული ცხოვრებისკენ, რომელიც მხოლოდ ევროკავშირშია. ამის გარეშე და დასავლელი პარტნიორების, მეგობრების გარეშე ვერანაირად ვერ მივაღწევთ. ცალსახა და ნათელია, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა ერთად ვერ იქნება და ამას ჩვენი მრავალწლიანი და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვეუბნება.
- ერთ-ერთ პოსტში მშობლებს ბოდიშს უხდით იმის გამო, თქვენი აქტივობის გამო მათ ხშირად ნერვიულობა უწევთ... ამის გარდა, ვიდეოში ამბობთ, რომ სამი შვილის დედა ხართ... გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
- კი, სამი შვილის დედა ვარ. ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, მეოთხესაც გავაჩენდი…
მყავს სამი გოგო, უფროსი 10 წლის, შუათანა - 8 წლის და პატარა - წლისა და 3 თვის. დედა პედიატრია, მამა - ინჟინერი. ჩემი ბავშვობა 90-იანი წლებს დაემთხვა და შეჭირვებული ყოფა იყო, მაგრამ მშობლები სამივე შვილისთვის ცდილობდა არ ეგრძნობინებინა ის ყველაფერი. იმ ზოგადი გაჭირვების პერიოდში ჩემი მშობლები ჩვენზე გაჭირვებულის, დაჩაგრულის გვერდით იდგნენ. მათი დაჩაგვრის საშუალებას არავის მისცემდნენ... ბავშვობაში მეც ასეთი ვიყავი. ბებია-ბაბუები - ორივე მხრიდან ერთმანეთის პატივისცემის მაგალითს იძლეოდნენ. ჩემს ოჯახში გინება არასდროს გამიგია. დედა მეგრელი მყავს და მამა - მთიული. ასე რომ, ჩემს სიფიცხეს ყოველთვის მეგრული დიპლომატია აბალანსებდა. ოჯახში ქალთან დამოკიდებულება, მისი პატივისცემა, დახმარება ჩემთვის მაგალითი იყო... ჩემი მეუღლეც ასეთია - ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ დამყარებულ პატივისცემაზეა. გვერდში მიდგას. ეს არის ჩემი ოჯახის ამბავი... იმედია ჩემს შვილებს მსგავსი ბრძოლა აღარ მოუწევთ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოტივატორი ისაა, რომ ამ ბავშვებმა ღირსეულ ქვეყანაში იცხოვრონ, რასაც იმსახურებენ. ეს მათი სამშობლოა, როგორც მე შემაყვარეს ჩემმა მშობლებმა და არა ერთი შესაძლებლობის მიუხედავად, როგორც ვთქვი, წასული დავბრუნდი, არასდროს მიფიქრია ქვეყნის დატოვება და არაც ახლა ვფიქრობ.
- რა მოლოდინი გაქვთ - ქვეყანას კრიზისიდან რა გამოიყვანს?
- არ მჯერა, რომ "ოცნება" თავის ინიციატივით რაიმე ნაბიჯს უკან გადადგამს იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველანაირი ღირებულებისგან დაცლილი არიან. მწამს და მჯერა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, იმ საზოგადოების, რომელსაც ზურგს უმაგრებს ის ისტორია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. გენეტიკა არსად დაკარგულა. მწამს და ვიცი, რომ გენი არ იკარგება, მას შეუძლია გაიღვიძოს მრავალი თაობის შემდეგაც. რუსული მთავრობა ყოველთვის ცდილობდა ამ გენთან ებრძოლა. ამას დღესაც ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.