4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

სასიყვარულო რომანების კითხვა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, თუმცა თებერვალში კიდევ უფრო რომანტიკულ განწყობას გვიქმნის: ზოგიერთი ჩვენგანი მათ საჩუქრად იღებს, ზოგიც გასცემს; გვახსენდება, რომ კონკრეტული რომანის წაკითხვა გვსურდა და გადაგვავიწყდა და სხვა.

გთავაზობთ რომანტიკული შინაარსის წიგნებს, რომლებიც „სიყვარულის თვეს“ კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს:

კრებულის - „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს, ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

ჯეინ ოსტინი XVIII-XIX საუკუნეების ინგლისელი მწერალი, რომანისტი და ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც 6 ძირითადი რომანით არის ცნობილი. ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინაrმორბედად.

მისი რომანი „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ერთ-ერთ საუკეთესო სასიყვარულო რომანად რჩება, რომლის ეკრანიზაციასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

როგორია შენი ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო რესურსი ხარ? - ეს არის მთავარი კითხვა, რაც იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანში - „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული.

ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად ქმნიან კლონებს და ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა მარკ რომანეკის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. „არასოდეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დრამაა, რაც შეიძლება ნახოთ.

ნიკოლას სპარქსი ამერიკელი ავტორი და სცენარისტია. მას გამოცემული აქვს 17 რომანი, საიდანაც რვა კინოსურათის ინსპირაცია გახდა. მათ შორის არის: „გზავნილი ბოთლში“, „იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“, „ღამეები როდანთში“, „ძვირფასო ჯონ“, „უკანასკნელი სიმღერა“, „იღბლიანი“ და „შვიდი ნავსადგური“. აქედან რამდენიმე მკითხველმა და მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა და თაობების რჩეულიც გახდა.

„არჩევანი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, თრევისის შესახებ, რომელიც თავის ცხოვრებას გართობას, სპორტსა და თევზაობას უთმობს. თრევის პარკერს სიყვარულის არც სჯერა და არც ეძებს მას, თუმცა გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი იცვლება. თრევისის ბედისწერა იმისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდება, ვიდრე თავად მას წარმოედგინა.

ამ და სხვა სასიყვარულო რომანების სანახავად მიჰყევით ბმულს.

R