ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არასათანადოდ შეაფასეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროპული გზისგან ჩამოშორება წარმოადგენს.
მისი თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ახლა ევროკავშირს დარჩა, საქართველოს ხელისუფლების იზოლაციაა და ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიზანს ქართველი ხალხის დასჯა არ წარმოადგენს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მიმდინარე პროცესები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
- უკვე 70 დღეზე მეტია, რაც მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ბატონო პეტრას, როგორ შეაფასებდით საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს? როგორია თქვენი პოზიცია საპროტესტო აქციებზე და აქციის მონაწილეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების დაკავებაზე?
- გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯეროდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა ასეთი ცუდი ყოფილიყო, როგორც ეს ახლა ხდება. მაგრამ, ალბათ, ჩვენ არ შევაფასეთ და არასათანადოდ შევაფასეთ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად. ისინი მოქმედებენ განსხვავებული სცენარით, ავტორიტარული რეჟიმის სცენარით, პლურალისტური საზოგადოების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების გარეშე, ძლიერი ოპოზიციის გარეშე. ეს აბსოლუტურად რუსული გზაა, აღმოსავლური გზა. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ ყველაფრის გავლენა იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი. და ეს უკვე ასეც არის.
შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ. მე პირადად უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ, ვგულისხმობ, იმ ხალხთან, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს. მე ნამდვილად მინდა დავინახო, [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ ამ ხაზს. ზოგიერთ დედაქალაქსა და თბილისს შორის არ არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ან განსხვავებული ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს. იხილეთ ვრცლად