შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორად ლელა ჩიქოვანი დაინიშნა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, საიდანაც გასული წლის თებერვალში, მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.
"ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, მას სახელმწიფო სამსახურის ძალიან დიდი ისტორია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე" - განაცხადა მაშინ ირაკლი ჩიქოვანმა.
ლელა ჩიქოვანმა დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა (თავდაცვის სისტემის ანალიზი და ეროვნული უსაფრთხოება), მაგისტრის აკადემიური ხარისხი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა და მენეჯმენტი) მაგისტრის აკადემიური ხარისხი; გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია - თავდაცვის მართვა უსაფრთხოების ფართო კონტექსტში; აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა-თავდაცვის რესურსების მართვის კურსი; ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლა - შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა; შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი - ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიები; გერმანიის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი - ლიდერობის პროგრამა; სტაბილურობის უსაფრთხოების, გარდამავალი პერიოდისა და რეკონსტრუქციის ოპერაციები; საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - სპეციალური სამხედრო სწავლების პროგრამა.
1998–2006 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდა, 2006-2008 წლებში იყო თავდაცვის ატაშე ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის რესპუბლიკებში; 2008-2010წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო;
2010-2011წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მრჩევლის პოსტს იკავებდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; 2011-2015წწ. სანაპირო დაცვაში საერთაშორისო საზღვაო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო, 2015 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ადმინისტრაციის უფროსი; 2015-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა; 2016 წლის აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.