ავტორი:

"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც ოსკაროსან ფილმში ითამაშა. მან შეასრულა პეტრე ბაგრატიონის როლი სერგეი ბონდარჩუკის საკულტო ფილმში "ომი და მშვიდობა" (1966), რომელმაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

  • გიული ჭოხონელიძე არის ექვსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის რეჟისორი: "ანთიმოზ ივერიელი", "სპირალი", "ბაგრატიონი", "წინაპართა მიწა", "გაზაფხულის მიწა" და "ქოჩორა".;

მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "ანთიმოზ ივერიელი" (ანთიმოზ ივერიელი) (2001), "წინაპართა მიწა" (ბეთქილი) (1979), "შეხვედრა წარსულთან" (გოგია) (1966),"დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ქურდი) (1959) და სხვა...

ქართველი მსახიობს შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ლელა ოჩიაური

- ქალბატონო ლელა, გიული ჭოხონელიძის შთამბეჭდავ შემოქმედებაზე თაობებმა თითქმის არაფერი იცის, რატომ მოხდა ასე?

- დიახ, უცნაურია, მის შესახებ რომ ნაკლებად იციან. თუმცა მაშინაც კი, როდესაც გიული ჭოხონელიძე შემოქმედებითად ზენიტში იყო, ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც მისი თაობის არტისტები. ეს ძალიან დიდ გაოცებას იწვევს, რადგან გიული ჭოხონელიძეს უნიკალური, შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა. იმ პერიოდის თითქმის ყველა პოპულარულ ფილმში თამაშობდა.

"ანთიმოზ ივერიელი"

  • ფილმი "ფატიმა“ ყველამ იცოდა, ერთ-ერთი პოპულარული ფილმი იყო და - იბრაჰიმი, რომელიც გიული ჭოხონელიძემ შექმნა, ძალიან შთამბეჭდავი გმირი იყო. სამსახიობო ოსტატობით ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული.
ფილმი „ფატიმა“, იბრაგიმი

ფილმი იმდენად პოპულარული იყო, მახსოვს, ძალიან პატარები რომ ვიყავით, მე და ჩემს ტოლ მამიდაშვილებს როლები დანაწილებული გვქონდა, „ფატიმას“ ვთამაშობდით. ტელევიზიით რომ ვნახეთ, ამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. იმ დროს სხვა ძალიან ბევრი ფილმი იყო პოპულარული, მაგრამ "ფატიმა“ განსაკუთრებულად. ისეთი მსახიობები იყვნენ შერჩეულები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი სილამაზის ეტალონი იყო.

ფატიმას როლის შემსრულებელი - თამარ კოკოვა სილამაზით გამოირჩეოდა. იმ დროს კინოში იყვნენ ვარსკვლავები, - ლია ელიავა, ლეილა აბაშიძე, დოდო ჭიჭინაძე... ამათმაც კი ვერ დაჩრდილეს ფატიმას როლის შემსრულებლის სილამაზე.

რაც შეეხება გიული ჭოხონელიძის გარეგნობას, მამაჩემი ირაკლი ოჩიაური მოგეხსენებათ მხატვარი, მოქანდაკე გახლდათ და პიროვნებას ყოველთვის იმის მიხედვით აფასებდა, მასზე რამდენად კარგი პორტრეტი შეიძლებოდა დაეხატა, გამოეძერწა. გამორჩეულად აფასებდა გიული ჭოხონელიძის გარეგნობას და ჩვენც რომ დავაკვირდეთ, მართლაც არაჩვეულებრივი ნაკვთები ჰქონდა.

როგორც ჩანს, შინაგანადაც ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, რაც განსაკუთრებულად გამოჩნდა მის მიერ შექმნილ ბაგრატიონის როლში, ფილმში „ომი და მშვიდობა“.

ბაგრატიონის როლში

ამხელა საბჭოთა კავშირის მასშტაბურ ეპოპეაში ბაგრატიონის როლზე აარჩიეს, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. იმ გმირის როლზე დაამტკიცეს, რომელიც ამ ომში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. რომ უყურებ, გაოცებას იწვევს, როგორი აბსოლუტურად განსხვავებულია მისი პერსონაჟები. ასეთ როლებს ქმნიდა, ამ მსახიობს ჩავარდნა არ ჰქონია, თუ რამ შექმნა, ყველა როლი გამორჩეულია.

გიული ჭოხონელიძე-"ბაგრატიონი" და მისი მამიდა "ალექსანდროვნა ბაგრატიონი"-ლია ელიავა

90-იან წლებში კინოში ბევრი სახის კრიზისი შეიქმნა....მსახიობი ზოგჯერ იძულებული ხდება, რეჟისორი გახდეს. თავად უნდა დადგას სპექტაკლი, ფილმი გადაიღოს, სადაც სასურველ პერსონას განასახიერებს. გიული ჭოხონელიძის ნიჭი, როგორც მსახიობის ბოლომდე ვერ გამოიყენეს.

წაიკითხეთ ასევე: