ავტორი:

შეხვედრები ასადთან, მილიონიანი ქონება და ბრალდებები "პუტინის პოზიციის გაზიარებაზე" - როგორ გახდა მოხალისე ჯარისკაცი აშშ-ის დაზვერვის დირექტორი

შეხვედრები ასადთან, მილიონიანი ქონება და ბრალდებები "პუტინის პოზიციის გაზიარებაზე" - როგორ გახდა მოხალისე ჯარისკაცი აშშ-ის დაზვერვის დირექტორი

აშშ-ს სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ყოფილი კონგრესმენი თულსი გაბარდი დაამტკიცა.


  • ხმაურიან კანდიდატურას ყველა არ აღუფრთოვანებია - თულსი აშშ-სა და ნატოს უკრაინაში ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ის ასევე შეხვდა სირიის ყოფილ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს.

”სამწუხაროდ, ამერიკელ ხალხს ნაკლები ნდობა აქვს დაზვერვის სამსახურის მიმართ. უმეტესწილად იმიტომ, რომ მათ დაინახეს ინსტიტუტის პოლიტიზება, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მოუთმენლად ველი, რომ მივიღო მონაწილეობა იმ მანდატის შესრულებაში, რაც ამერიკელმა ხალხმა მკაფიოდ მისცა [ტრამპს] ამ არჩევნებზე.


ჩვენი სადაზვერვო საზოგადოება უნდა გარდაისახოს, გავაძლიეროთ პატრიოტები, რომლებმაც ქვეყნის სამსახურში ყოფნა ამ გზით აირჩიეს. ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფაზე,” - განაცხადა გაბარდმა სენატში, მისი არჩევის შემდეგ.


gabard
თულსი გაბარდი დებს ფიცს, რომ აშშ-ს ეროვნულ დაზვერვას ღირსეულად უხელმძღვანელებს


ტრამპმა მოკლედ ისაუბრა გაბარდზე და მას "არაჩვეულებრივი გამბედაობისა და პატრიოტიზმის მქონე ამერიკელი" უწოდა.


  • რას ნიშნავს მისი დანიშვნა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში?

ეროვნული დაზვერვის დირექტორი ფორმალურად არის აშშ-ს სადაზვერვო დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც მოიცავს 18 სხვადასხვა უწყებას, მათ შორის: CIA-ს, FBI-ს და თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოებს. მის განკარგულებაში იქნება 70 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე ინსტიტუცია.


დირექტორი კოორდინაციას უწევს მუშაობას, მაგრამ უწყებების თანამშრომლები უშუალოდ მის ბრძანებებს არ ექვემდებარებიან.


ეროვნული დაზვერვის ოფისი ასევე აგროვებს ეგრეთ წოდებულ "საპრეზიდენტო დღიურ რეზიუმეს", საიდუმლო სადაზვერვო კრებულს, რომელიც ყოველ დილით ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე.


  • თანამდებობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შეიქმნა, როდესაც სადაზვერვო სააგენტოებს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარების ნაკლებობა დასახელდა თავდასხმის თავიდან აცილების ერთ-ერთ მიზეზად.

“დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა წყაროების დაცვა. სანამ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი შეიქმნებოდა, ისინი თავს არიდებდნენ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებას, წყაროების გამჟღავნების შიშით“, - განუცხადა “ბიბისის“ ამერიკელმა დიპლომატმა იან კელიმ.


კელის მიაჩნია, რომ დაზვერვაში გამოცდილების ნაკლებობის, ასევე საკამათო განცხადებების გამო, თულსი გაბარდი არ არის შესაფერისი თანამდებობისთვის.


”ძალიან ხშირად ისე ჟღერდა, რომ თითქოს ის იმეორებდა კრემლის პროპაგანდას უკრაინის შესახებ”, - განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა. მან დასძინა, რომ “გაბარდის დანიშვნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის ნდობაზე.“


იან კელის პოზიციას ეთანხმება სამხედრო ექსპერტი ჯონ ფორმენი:


“[აშშ] მოკავშირეები შეშფოთებულნი იქნებიან, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება მათი მოწინააღმდეგეების ხელში აღმოჩნდეს“, - თქვა მან BBC-ის რუსულ სამსახურთან საუბარში.


  • “სკანდალური“ განცხადებები


წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო, 43 წლის გაბარდს რუსული პროპაგანდის გაზიარება ედება ბრალად.


როგორც მედია წერს, წარსულში მან შეშფოთება გამოთქვა “უკრაინაში არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ“ მას შემდეგ, რაც აღნიშნული თემა რუსულმა მხარემ გაავრცელა. გაბარდი ასევე აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია და ნატო “უბრალოდ აღიარებდნენ რუსეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით“.


ამ განცხადებების გამო, იგი შეყვანილი იყო უკრაინის “უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ მიერ შედგენილ მომხსენებელთა სიაში. სია მოგვიანებით წაიშალა, მაგრამ დაარქივებული ასლი ინტერნეტში რჩება.


ხოლო ბაშარ ალ-ასადთან არსებული კავშირების ბრალდებები დაკავშირებულია 2017 წლის იანვარში, დამასკოში საიდუმლო მოგზაურობასთან. მაშინ გაბარდი ქვეყანაში აშშ-ის მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ასადმა გაბარდი სირიაში ორჯერ მიიღო.


თუმცა, მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე გაბარდმა თქვა, რომ იგი არასოდეს აიდეალებდა ასადს და წარსულში ვიზიტის დროს მას დაუსვა "მკაცრი კითხვები მისი რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით".


როდესაც რუსული პროპაგანდის გამეორებაში დაადანაშაულეს, მან უპასუხა, რომ “არ ადევნებს თვალს რუსულ სახელმწიფო მედიას და ცდილობს სიმართლე თქვას“.


  • დემოკრატიული პარტიის ამომავალი ვარსკვლავიდან - ტრამპის მოკავშირემდე


ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშვნამდე გაბარდი ცნობილი იყო, როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსი. მან ეს რეპუტაცია მოიპოვა აშშ-ს კონგრესში ყოფნის რვა წლის განმავლობაში, სადაც წარმოადგენდა ჰავაის მე-2 ოლქს.


პარალელურად მას აშშ-ს არმიის რეზერვში ხანგრძლივი კარიერა აქვს. ის ჯარში 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მოხალისედ გაწევრიანდა, მიიღო პოლკოვნიკის წოდება და დამსახურებული მედალი “სანიმუშო მსახურობისთვის“.


  • 2012 წელს პირველად აირჩიეს კონგრესში. ნენსი პელოსიმ მას “დემოკრატების ამომავალი ვარსკვლავი“ უწოდა, კონგრესში მუშაობის პირველ წელს იგი გახდა პარტიის ეროვნული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. მაგრამ მალე გაბარდი და პარტიული ელიტა დაშორდნენ ერთმანეთს.

  • 2016 წლის კამპანიის დროს, კონგრესმენი ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომაის პოსტიდან გადადგა.

  • 2020 წელს მან უარი თქვა კონგრესში ხელახლა არჩევნებში მონაწილეობაზე.

მაშინ უმუშევარმა გაბარდმა, ვაშინგტონში გამოუშვა პოდკასტი და გახდა კონსერვატიული სატელევიზიო შოუების რეგულარული სტუმარი. მისი კრიტიკა დემოკრატების მიმართ სულ უფრო მკაცრი ხდებოდა;



საბოლოოდ, თულსი “რესპუბლიკელების“ რიგებს გასულ წელს შეუერთდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატურას და წინასაარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა.


  • მილიონერი "ლარა კროფტი"


თავისი იმიჯისა და იარაღების სიყვარულის გამო, თულსი გაბარტს მეტსახელად “ლარა კროფტსაც“ უწოდებენ.


“ლარა კროფტი“ ჰოლივუდის ფილმის გმირია, მებრძოლი ქალის საკულტო სახე მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ შექმნა. გაბარტის ჩაცმის, ვარჯიშის სტილი და გარეგნობა, საოგადოების ნაწილს სწორედ ამ გმირს აგონებს.


გარდა ამისა, ყოფილი პოდკასტერი ფლობს სამ ბინის კომპლექსს აშშ-ში, რომელთა ჯამური ღირებულება 55-დან 125 მილიონ დოლარამდეა.


Abcnews-ის ინფორმაციით, დაზვერვის ახალი შეფი ფლობს 100 000- დან 250,000- დოლარამდე ღირებულების Tesla-სა და Rumble-ის აქციებს. ასევე Apple-ისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანია Nvidia Corp-ის აქციებს.


50,000 აშშ დოლარს Bitcoin ETF-ს ტრასტში და 95,000 დოლარამდე სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. მათ შორის 1,000-დან 15,000 დოლარამდე ბლოკჩეინის პლატფორმაზე, Solana-ში, რომელიც ტრამპის ახალ მემ მონეტას აძლიერებს.


საერთო ჯამში, მისი ქონება 55-დან 127 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. როგორც გაბარდმა განაცხადა, გასულ წელს, მხოლოდ გამოსვლებით (პოდკასტევი) მან 1,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


  • პირადი ცხოვრება


2002 წელს, 21 წლის ასაკში, გაბარდი დაქორწინდა ედუარდო ტამაიოზე. თუმცა წყვილი 2006 წელს განქორწინდა.


აშშ-ის დაზვერვის დირექტორი მეორედ 2015 წელს, თავისუფალ კინემატოგრაფისტზე და რედაქტორზე აბრაამ უილიამსზე დაქორწინდა.


წყვილს შვილები არ ჰყავს.


წყარო


იხილეთ ასევე: