პროექტი "მიმღერეში" შესრულებულმა გიორგი სიხარულიძის სიმღერამ სოციალური ქსელები დაიპყრო. ორ დღეში ნახვები უკვე ორ მილიონს აღწევს, ვნებათაღელვა არ ცხრება, უდიდესია სიმღერით გამოწვეული აღფრთოვანება და ემოციები... სიმღერის ავტორი, ბატონი გიორგის მამა კომპოზიტორი გომარ სიხარულიძეა. სიმღერას კი "ვაჰ სოფელო" ჰქვია.
AMBEBI.GE გიორგი სიხარულიძეს დაუკავშირდა:
- როდესაც სიმღერა ჩავწერეთ, ჩაწერის დღესვე სიმღერამ მონაწილეებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველა ერთხმად მეუბნებოდნენ, გიორგი, ნახე, ეს სიმღერა რას მოახდენსო... გულწრფელად გითხრათ, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. დიახ, ვიცოდი, რომ ეს ძალიან კარგი სიმღერაა და პროექტშიც ამიტომ მივედი, მამას - გომარ სიხარულიძის ეს სიმღერა გამეჟღერებინა. სიმღერა 1979 წელს სპექტაკლისთვის - "ვალი“ შექმნა. სპექტაკლი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დაიდგა, გოგი ქავთარაძის რეჟისორობით, გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით. სიმღერას მაშინაც იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მთელი ქუთაისი ამაზე ლაპარაკობდა. დღემდე ასრულებენ სუფრასთან ძველი თაობის წარმომადგენლები. მურმან შათირიშვილის ტრიო და ასე შემდეგ... სპექტაკლში მამა ასრულებდა და ის მართლაც შეუდარებელია!
- გომარ სიხარულიძის სიმღერები ხალხმა გამორჩეულად შეიყვარა...
- დიახ, იგივე ხდება - "ქვეყანა შემოვიარე“, დუეტი ფილმიდან "ჩარი-რამა"... ყველასათვის ძალიან საყვარელი სიმღერაა... ახლა რაც შესრულდა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რადგან 1979 წლის შემდეგ აღარსად გაჟღერებულა.
- თქვენ ბევრი დაგიკავშირდათ...
- დიახ, ვერ წარმოიდგენთ რა ხდება. მთელი მსოფლიოდან, ყველა კონტინენტიდან მირეკავენ ემიგრანტები, სრულიად უცნობი ადამიანები.. საიდანღაც რომ მოახერხეს ჩემი ნომერი გაეგოთ და მეუბნებიან, ძალიან დიდი ბოდიში, მთელი ღამეები ვერ დავიძინეთ და ჩავთვალეთ, რომ დაგელაპარაკებით, ემოციებით იქნებ დავიცალოთო... აღარაფერს ვამბობ ახლობლებზე. ქუჩაში, მეტროში, გაჩერებებზე ხალხი მაჩერებს და ფოტოების გადაღებას მთხოვს. ჩემთვის ეს იმდენად უჩვეულო მდგომარეობაა, მეტი რომ არ შეიძლება!
- თქვენთვის რამდენად ემოციურია ეს სიმღერა?
- მამას ნამღერი ეს სიმღერა, საკმარისია ერთხელ მაინც მოვისმინო, ჩემი ემოციური მდგომარეობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ყველა ნამღერზე მბურძგლავს. არასოდეს არ ხდება, ყური ეჩვეოდეს, თითქოს პირველად ვისმენ. აქედან გამომდინარე, თუ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ შედევრია, ეს სიმღერა არის გომარ სიხარულიძის შედევრი!
- თქვენ დამსახურებული რეჟისორი ბრძანდებით, მაგრამ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ არ შეიძლება თქვენ მუსიკოსი არ იყოთ..
- რა თქმა უნდა, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ხშირად ვამბობ, თუ ჩემი სპექტაკლის მუსიკა წინასწარ არ მესმის, სპექტაკლის დადგმასაც არ ვიწყებ... პროფესიული განათლებაც მაქვს მიღებული, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა დავამთავრე. რვა წელი საფორტეპიანო განყოფილებაზე ვსწავლობდი - მაია ბერიძესთან, შემდეგ თეორიულ განყოფილებაზე გადავედი, რადგან ოჯახში ისე მამზადებდნენ, დირიჟორი უნდა გამოვსულიყავი. ბალტიისპირეთში ძალიან ცნობილ სადირიჟორო სკოლა იყო და ქალბატონმა ლიანა ისკაძემ, ბიძამ - ვიტალი სიხარულიძემ ყველაფერი გააკეთეს, იქ რომ გავეშვი პროფესიული განათლების მისაღებად. ძალიან უნდოდათ ამ კუთხით გამეგრძელებინა მოღვაწეობა, მაგრამ ეტყობა ნათლიის - გოგი ქავთარაძის დანათვლამ გადაძლია და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. სასიმღეროდ ჩემი კომფორტის ზონა სუფრაა, მეგობრებთან, იქ ვლაღდები...
სცენაზე პირველად ხუთი წლის ასაკში, მამას სიმღერა - "მივალ გურიაში, მარა" , რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიმღერე. შემდეგ ანსამბლში - "მზიური" შემიყვანეს. სოციალურ ქსელში არის ჩანაწერები 7 წლის ასაკში ვმღერი ისევ - "მივალ გურიაში, მარა“. ძალიან პოპულარული გავხდი მაშინაც, რადგან ბიჭები არ მღეროდნენ და საერთოდ ამდენი მომღერალი, ანსამბლები, სატელევიზიო არხები არ იყო ქვეყანაში. მხოლოდ პირველი არხი იყო, სამთავრობო კონცერტებზე ვმღეროდი და იმდენად პოპულარული გავხდი, ხალხი ქუჩაში მაჩერებდა, რაც მამას არ მოსწონდა. მომაშორა ამ ყველაფერს, წიგნთან დაჯექი, იმეცადინე, საქმეს მიხედეო... ხუთი წლიდან ცხრა წლამდე სცენებზე ვმღეროდი, შემდეგ მუსიკალურ ათწლედში შევედი, პარალელურად ვსწავლობდი დღევანდელ პირველ გიმნაზიაში... ოჯახი მამზადებდა საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტისთვის, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში ( მაშინ ინსტიტუტი ერქვა) ჩავაბარე, სარეჟისორო ფაკულტეტზე - მიხეილ თუმანიშვილთან.
- დღეს, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული ვითარებაა, ეს თქვენც შეგეხოთ ?
- დიახ, ყველას ერთი პოლიტიკური გემოვნება ვერ გვექნება, მაგრამ აუცილებელია ვიმღეროთ, რადგან სიმღერას ამდენი შეუძლია! ეს პროექტი რომ გაჩერებულიყო, ამხელა ამბავიც ხომ ვერ იქნებოდა. ორი მილიონი ნახვა, ზღვა ემოცია და სიყვარული არ მგონია, ცოტას ნიშნავდეს.