ავტორი:

"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე

"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე

ევროკავშირის რეზოლუცია არის ახალი ნაბიჯი, რომელში საუბარია არამხოლოდ არაღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყანაში ძალაუფლება მიტაცებულია და არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება - სამწუხაროდ, ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მათთან პარტნიორებს სანქციებით საუბარი უწევთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გიორგი ვაშაძემ, ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით. კრიტიკული რეზოლუციის მიღება არ უხარია.

„არ მიხარია მსგავსი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში. გამიხარდებოდა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მათთან პარტნიორებს სანქციებით საუბარი უწევთ.

ამ რეზოლუციაში საუბარია ასევე იმაზე, რომ თუ კონსენსუსთან დაკავშირებით პრობლემა იქნება, წვერმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად უნდა გამოიყენონ სასანქციო მექანიზმები. სანქციები მხოლოდ დასაწყისია. ჩამოწერილი მექანიზმების აღსრულების პროცესი დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ აპრილამდე არ ჩაინიშნება არჩევანი და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ევროპარლამენტის რეზოლუცია განსაზღვრავს პოლიტიკას სრულიად ევროკავშირისთვის. დააკვირდით, წინა რეზოლუციებზე რომ ამბობდნენ, ჩალის ფასი აქვსო, ამ რეზოლუციების შედეგად მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგა. რატომ იძახის ჩალის ფასს „ქართული ოცნება“? იმიტომ, რომ მეტი აღარაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ სისულელით თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიუნხენში ანტიდემოკრატიული ძალების ადგილი არასდროს იქნება“.

„ევროსაბჭოს და შემდეგ უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, მკაფიოა ჩვენი პარტნიორების პოზიცია - საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომ ნორმალური განვითარების პროცესს დავუბრუნდეთ. ამიტომ არის, რომ მიუნხენში არავინ ეპატიჟება კობახიძეს. სამაგიეროდ, ის აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა. რომ ეთქვა, ვიდეოს გადავუგზავნიდი და აბუ-დაბიში სასიარულოდ აღარ შევაწუხებდი. მიუნხენში კობახიძისა და თვითმარქვია რეჟიმის ადგილი არ არის, მიუნხენში არასდროს იქნება ადგილი ანტიდემოკრატიული ძალების, ამიტომ არის იქ სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს, რომელიც პანელურ დისკუსიებში - ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“ - მიიღებს მონაწილეობას.