გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-ის“ გამარჯვებულები 10 თებერვალს გამოვლინდა. მკითხველთა ხმების მიხედვით, წლევანდელი კონკურსის ლიდერი გახდა იზა ქავთარაძე, რომლის რომანმა „გასული წლები, საყვარელი ვენები“ - მკითხველების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ქართველი მწერლები: ბესო სოლომანაშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე და დავით გაბუნია, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გამარჯვებულების შერჩევის პროცესში.
ჟიურის წევრები მკითხველს უზიარებენ თავიანთ შეფასებებს კონკურსთან და მის გამარჯვებულებთან დაკავშირებით.
როგორ შეაფასებთ წელს ჩატარებულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025?“
ნესტან-ნენე კვინიკაძე: გახდი ბესტსელერის ავტორი 2025, სხვა ლიტერატურული კონკურსების მსგავსად, სადაც დამწყები ავტორები, უმრავლეს შემთხვევაში, პირველად ჩნდებიან მკითხველის და ჟიურის წინაშე, ერთდროულად გულისხმობს საინტერესო და ნაკლებ საინტერესო ისტორიებს, ლიტერატურულ ექსპერიმენტებს, ნაცნობ პატერნებსა და მოულოდნელ აღმოჩენებს.
ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჟანრულად მრავალფეროვან ტექსტებში, სადაც მთავარი მაგისტრალური ხაზი ეგზისტენციალური ძიებებია, პოლიტიკური სატირაც გამოერია; რამდენიმე დეტექტივიც შეგვხდა და ცხადია, არც ფენტეზი მოგვკლებია.
პასტორალი, ურბანული დრამები, ოჯახური საგა… იყო ისტორიული ფაქტებით ინსპირირებული; მითოლოგიიდან ნასესხები; სიზმრებით გაჟღენთილი ამბები…
ზოგან, საინტერესო თემას სუსტი შესრულება ჩრდილავდა; სადღაც გულწრფელობა აკლდა სათქმელს; იშვიათად, სითამამე მოულოდნელ სიხარულს მგვრიდა. თუმცა, თითქმის, შეუძლებელია კონკურსმა ღირსეული ფავორიტის და აღმოჩენის გარეშე ჩაიაროს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
დავით გაბუნია: სიყვარული და სიცილი, სულ ცოტა მომავლის დისტოპიური ხედვა, მაგრამ მაინც პირველი ორის სიჭარბე იყო წლევანდელ კონკურსში. რადგან კონკურსი სრულიად დემოკრატიულია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ჩვენი ანბანის ოცდაცამეტივე ასო იცის, რა თქმა უნდა, გვხვდება ხოლმე ძალიან სუსტი ტექსტებიც. ამაში არაფერია ტრაგიკული, კარგი და მართლა ღირებული ყოველთვის და ყოველ წელს სანთლით საძებარია, მაგრამ ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ჩვენც ვიპოვეთ.
ბესო სოლომანაშვილი: როგორც ყველა ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც ცდილობს ახალი ავტორები აღმოაჩინოს, ცხადია, ესეც იმის მიხედვით ფასდება როგორ წერენ და რას წერენ ავტორები. მათი ინდივიდუალური სტილი, მანერა.
რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ამბავია, რომ მეორდება თემები და ხანდახან ერთი ავტორის დაწერილს ჰგავს... თუმცა მთავარი პრობლემა მაინც წერის სტილი, მანერა და კულტურაა.
და თუ კი ამდენ ავტორს შორის ერთს მაინც იპოვი მკვეთრად გამორჩეულს და შემდგარს. ხოლო რამდენიმეს, რომელთაც უნდა გააგრძელონ წერა და შედეგს მიიღებენ, -უკვე კარგია. ეს კონკურსიც ასეთი იყო.
ჟიურის რჩეულები გახდნენ ტატო მოდებაძე მოთხრობებით „Lactea Via“ და ალექსანდრე ელოშვილი წიგნით „რომანი.ge”. როგორია თქვენი შთაბეჭდილება აღნიშნულ ნამუშევრებთან დაკავშირებით?
ნესტან-ნენე კვინიკაძე: ავტორი, რომელსაც ამ კონკურსის აღმოჩენას ვუწოდებ, - ტატო მოდებაძეა. ის, სხვადასხვა ჟანრს ოსტატურად იმორჩილებს; ორიგინალური, ლაღი და თამამია ფაბულაც და ენაც. გამორჩეული და დახვეწილი იუმორი განსაკუთრებულობას სძენს ასევე მრავალფეროვან ლოკაციებზე გათამაშებულ სიტუაციებს: თეატრში „დარისპანის გასაჭირსა“ და „ჰამლეტზე“; თურქულ რესტორანში თუ არაბულ ტახტზე. ტატოს ნოველების კითხვისას ხმამაღლა ვიცინოდი და არამხოლოდ კომიკური სიტუაციების გამო, - მოვიხიბლე ავტორის დაკვირვების უნარით, ფსიქოტიპების სიღრმისეული ცოდნით… ამ ყველაფერს უაღრესად დიდი სილაღე დაჰყვება. არ წვალობს ავტორი. ამ ნოველებში არის სცენები, რომელიც არ მავიწყდება. ასევე, ფრაზები.
ეს გამახსენდა და ახლაც ვიცინი: „ქვეყნად ორ რამეს არ აქვს ბოლო, კაპიტალის წრებრუნვას და ორი უქმრო ქალის ატეხილ სიცილს”. ამას ამბობს ტატოს პროტაგონისტი, ახალგაზრდა კაცი ნოველაში “Lactea Via”.
ერთი მხრივ, ტატო დასცინის ყველაფერს: ფსევდო ტრადიციას, მორალს, იდეალიზმს, საქორწინო კონტრაქტს, საკუთარ თავს. თუმცა, მეორე მხრივ, მეტისმეტად სევდიანია რეალური, თუ გამოგონილი ისტორიიდან ნასესხები პროტაგონისტების ბედი. ადამიანები, რომლებიც დროის, ხელმძღვანელობის, თუ „სადღეგრძელოების“ მძევლები არიან.
გულწრფელად მიხარია, რომ თანამედროვე ლიტერატურულ სცენას, ახალი ხმა რუსთავიდან შეემატა.
ალექსანდრე ელოშვილმა „რომანი.ge-ით“ მიიქცია ყურადღება. როგორც, თავად ავტორი ამბობს, 2020 წელს, პანდემიის დროს, ტელევიზორზე მიჯაჭვულობის დასაძლევად დაიწყო რომანის წერა, რომლის განთავსებაც, სერიალის პრინციპით ჰქონდა მოაზრებული. ესაა რომან თარხნიშვილის ისტორია, თუმცა ერთი ახალგაზრდა კაცის თავგადასავალში, თავს სხვა პერსონაჟებიც იყრიან, თავიანთი სახალისო და სევდიანი გამოცდილებებით.
ნარატორის, რომან თარხნიშვილის დღიურებში ჩემთვის საინტერესო პერსონაჟია ბებია ლია, რომელმაც, აფხაზეთიდან დევნილის ყალბი საბუთებით, ერთ დღესაც კანადას მიაშურა და ვანკუვერის მერს საცხოვრებელიც და პენსიაც გამოსტყუა.
დავით გაბუნია: ორივე ავტორი, მოდებაძეც და ელოშვილიც, იუმორის ფრონტზე იბრძვიან. ტატოს იუმორი უფრო მძაფრად თვითირონიულია, ღიად და მოურიდებლად ხუმრობს იმ თემებზე, რაზედაც კაცები დუმილს ამჯობინებენ. სანდროს წიგნი ონლაინ იწერებოდა, თანდათან ქვეყნდებოდა ონლაინ, აქ ბევრ სხვადასხვა თემას ნახავთ, ერთმანეთში გადაზელილს და სხარტად მოწოდებულს. დარწმუნებული ვარ, ორივე წიგნი იპოვის ბევრ მკითხველს და არაერთ მხიარულ საათს გაატარებინებს. თანაც, ხომ ვიცით - სიცილი ჯანმრთელობაა.
ბესო სოლომანაშვილი: ტატო მოდებაძე ერთი გამორჩეული და უკვე შემდგარი ავტორია. სანდრო ელოშვილი კი იმ რამდენიმეს შორის არის, რომელთაც უნდა გააგრძელონ წერა და მათ შორის ყველაზე დასრულებული და სტილისტურად ჩამოყალიბებულია. თუმცა კიდევ უნდა დახვეწოს რომანი, რომ წიგნის სახე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ავტორთა ნამუშევრები მალე გამოქვეყნდება და მათი გაცნობის საშუალება მკითხველთა ფართო წრეებსაც მიეცემათ.
R