მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ტერიტორიული დათმობები იმის შესახებ, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ გააკეთა, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა“.
სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა.
"აშშ-ის სიტუაციის მოგვარების მიზნით დახმარება შეუძლია და ჩვენ არც ვმალავთ, რომ ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინის კრიზისის დაწყების დღიდან აშშ მთავარ როლს თამაშობს. არ ვიცი მათ (ევროპულმა ქვეყნებმა) მოლაპარაკებების მაგიდასთან რა უნდა გააკეთონ. თუ ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ ეშმაკური იდეების წამოყენებას აპირებენ, როგორც ეს მათ სჩვევიათ და მხედველობაში ომის გაგრძელება აქვთ, მაშინ რატომ უნდა მოიწვიონ ისინი?“, - აღნიშნა ლავროვმა.