1947 წელს, შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნიუ-მექსიკოში "მფრინავი თეფში“ აღმოაჩინეს, მაგრამ მალევე უარყვეს ეს ინფორმაცია.
ისტორიაში ამ ამბავს "როზუელის ინციდენტს" უწოდებენ და უფოლოგები დღემდე მიიჩნევენ, რომ ეს გაუხსნელი და საიდუმლოებით მოცული საქმეა. ეს არის ამბავი, რომლის გარშემოც წლების განმავლობაში არაერთი შეთქმულების თეორია შეიქმნა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
როდესაც აღმოჩენილი ნამსხვრევები შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს გადასცა, როზუელის სამხედრო-საჰაერო ბაზამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მფრინავი თეფში აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, თუმცა 24 საათში სამხედროებმა განცხადება შეცვალეს და თქვეს, რომ ნაპოვნი ობიექტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი კი არა, არამედ უბრალოდ საჰაერო ბურთის ნარჩენები იყო.
როზუელის ინციდენტიდან თითქმის 80 წელი გავიდა, აღმოჩენილ ობიექტთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს. უფოლოგები დონ შმიტი და კევინ რენდლი, 1989 წლიდან ცდილობენ აღნიშნული საქმის გახსნას. მიიჩნევენ, რომ როზუელი "ის ერთადერთი საქმეა, რომელიც მთელ UFO-ფენომენს ერთბაშად ამოხსნის.“ მათი კვლევები, რომელიც სავარაუდო სამთავრობო საიდუმლოს ეხება, წარმოდგენილია Netflix-ის დოკუმენტური სერიალის Unsolved Mysteries მეხუთე სეზონის მეოთხე ეპიზოდში.
"მჯერა, რომ სამხედროებმა უცხოპლანეტელის ხომალდი აღმოაჩინეს. ყველა მტკიცებულება ამაზე მიუთითებს", - განაცხადა რენდლიმ დოკუმენტური სერიალის ეპიზოდში. "საჰაერო ძალები ირწმუნებიან, რომ მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, რომელიც ობიექტის უცხოპლანეტურ წყაროზე მიანიშნებს. მე კი ვფიქრობ, რომ ყველა დოკუმენტი შეგროვდა და უსაფრთხო ადგილას, არქივებში დამალეს, რის გამოც მათ ოფიციალური ჩანაწერები აღარ აქვთ.“
ბრაზელმა ნარჩენები შეკრიბა, სატვირთო მანქანაში ჩაალაგა და როზუელისკენ გაემართა, სადაც იმ დროს 509-ე ჯგუფი იყო განთავსებული. ეს იყო ის სამხედრო შენაერთი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბები ჩამოაგდო.
ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, მაიორ ჯესი მარსელმა, ბრაზელისგან მიღებული მასალები გადაიბარა. 1947 წლის 8 ივლისს, როზუელის სამხედრო-საჰაერო ბაზამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მფრინავი თეფში ნახეს. მარსელს მაშინვე უბრძანეს, რომ ნამსხვრევები B-29 ტიპის ბომბდამშენით ფორტ უორტში, ტეხასში, ბრიგადის გენერალ როჯერ რეიმისთან გადაეტანა.
როდესაც მარსელი რეიმის კაბინეტში შევიდა და მასალები დატოვა, გენერალთან ერთად რუკების ოთახში შევიდა. დაბრუნებისას, როგორც ამბობენ, ნამსხვრევები გაუჩინარებული იყო.
რეიმმა, თითქოს, მარსელი მკაცრად გააფრთხილა, რომ მომხდარზე ჟურნალისტებთან და ოჯახის წევრებთან არ ესაუბრა. ამის შემდეგ, მან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ნაპოვნი ობიექტი სინამდვილეში საჰაერო ბურთის იყო.
"მე ვიცოდი, რომ მსგავსი არაფერი მენახა. დღემდე არ ვიცი, ეს რა იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იყო დედამიწაზე შექმნილი", - განაცხადა მან და აღწერა ნაპოვნი მასალა. "ვერანაირად ვერ მოხრიდით, ვერც დააზიანებდით. თუნდაც მძიმე უროს დარტყმით, ისევ იბრუნებდა თავდაპირველ ფორმას.“
რეიმის პრესკონფერენციის შემდეგ, სამხედროები უდაბნოში ჯარისკაცები გაგზავნეს, რათა ყველა მტკიცებულება შეეგროვებინათ. ამავდროულად, Western Texas Tech-ის არქეოლოგიურმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი გამოიკვლია და 27 მილის მოშორებით კვერცხის ფორმის კაფსულა აღმოაჩინა, რომელიც ზომით Volkswagen Beetle-ს ჰგავდა.
ისინი, როგორც ამბობენ, ასევე წააწყდნენ "უცხო სხეულებს, უცნაურ არსებებს".
პირველი საჰაერო სატრანსპორტო დანაყოფის კაპიტანმა, ოლივერ "პაპი“ ჰენდერსონმა ნაპოვნი მასალა როზუელიდან დეიტონში, ოჰაიოს შტატში, Wright-Patterson-ის სამხედრო ბაზაზე გადაიტანა.
რა აცხადებს აშშ-ის მთავრობა?
1947 წლის შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ როზუელის ინციდენტის შესახებ რამდენიმე ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. პირველი, "The Roswell Report: Fact vs Fiction in the New Mexico Desert“ (231-გვერდიანი ანგარიში), 1994 წელს გამოქვეყნდა და მასზე მუშაობდა საჰაერო ძალების სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აგენტი რიჩარდ ვივერი.
ვივერმა Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში Unsolved Mysteries განაცხადა: "მართლა მინდოდა, რომ რამე გამეგო მაგრამ საჰაერო ძალების ჩანაწერებში როზუელის შესახებ თითქმის არაფერი იყო, შემდეგ კი გავიგეთ Project Mogul-ის შესახებ.“
ამ მონაცემების საფუძველზე, ვივერმა დაასკვნა, რომ როზუელში ჩამოვარდნილი ობიექტი სწორედ Project Mogul-ის ბურთი იყო.
1997 წელს, საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს კიდევ ერთი ანგარიში, The Roswell Report, რომელიც კაპიტანმა ჯეიმს მაკენდიმ მოამზადა. დოკუმენტი ამჯერად ნიუ-მექსიკოში ნაპოვნი სხეულების თემას ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ეს სხეულები სინამდვილეში მაღალ სიმაღლეზე ექსპერიმენტის სახით გაშვებული მანეკენები იყო, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო კვლევისთვის გამოიყენებოდა.
როზუელის ინციდენტმა უამრავი კონსპირაციული თეორია წარმოშვა. Blaze-ის ინფორმაციით, ზოგიერთს სჯერა, რომ ეს ობიექტი სინამდვილეში ნაცისტების იყო. თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ობიექტი, სახელად "The Bell“ (ზარი), რომელიც ელექტრონულ ნაწილაკებზე მუშაობდა, ცდისას ჩამოვარდა.
ამავდროულად, ჩარლზ ბერლიცსა და უილიამ მურს, რომლებიც 1980 წელს გამოცემული "The Roswell Incident“-ის ავტორები არიან, სჯერათ, რომ როზუელში ჩამოვარდნილი ხომალდი აშშ-ის ბირთვული იარაღის აქტივობებზე თვალის სადევნებლად დაფრინავდა. მათი თეორიის მიხედვით, ხომალდი ელვამ დააზიანა, რის შედეგადაც, იგი ნიუ-მექსიკოში ჩამოვარდა.
უახლესი თეორიების მიხედვით, გამომძიებელი ჟურნალისტი ენი ჯეიკობსენი, რომელიც 2011 წელს გამოცემული "Area 51: An Uncensored History of America’s Top Secret Military Base“-ის ავტორია, ვარაუდობს, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერმა სტალინმა აშშ-ის თავზე პატარა, "გროტესკული ბავშვის ზომის მფრინავები“ გაგზავნა, რათა ქვეყანაში პანიკა გამოეწვია.
და ბოლოს:
როზუელის ინციდენტი დღემდე საიდუმლოებით მოცული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა ოფიციალურ ვერსიად Project Mogul-ს ასახელებს, მკვლევრები და მოწმეები ირწმუნებიან, რომ სამხედრო ძალები რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანს მალავენ.