ავტორი:

რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს - ქალაქ ოდესაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს - ქალაქ ოდესაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური შეტევა განახორციელეს, 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა, დაზიანდა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანდა მთავარი საავადმყოფო.

“ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშეა. სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი - 250 ათასზე მეტი მცხოვრები - სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მიზნით საგანგებო სიტუაციების სპეციალისტების მუშაობა გრძელდება.

  • ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.

“საწარმოს ტერიტორიაზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.