“გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს - ამით უნდა გაარჩიოთ ვინ და როგორ დააკავა“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ “ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა.
“გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც “თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია - არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება “ტვ პირველის“ ჟურნალისტი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? - პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ - გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური “ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ - ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მანამდე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: “ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“.
ამასთან, “ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.