ავტორი:

ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში

ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში

2022 წლის 24 თებერვლის დილას, უკრაინის ციდან ბომბების წვიმა წამოვიდა. შიში და პანიკა მთელ ქვეყანას მოედო. ეს ის დღეა, როდესაც უკრაინელების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

ამ ტრაგიკულ მოვლენებს და რუსეთ-უკრაინის ომის საშინელებას ასახავს დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა", რომლის რეჟისორი ალან ბადოევია. ფილმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიქმნა უკრაინელი მაცხოვრებლების მიერ გადაღებული, 200 საათიანი ვიდეო-მასალისგან, რომელიც 12,000-მა უკრაინელმა საკუთარი ტელეფონებით გადაიღო. ფილმის არც ერთი კადრი არ არის დადგმული სცენა, ეს არის რეალური ადამიანების რეალური ისტორიები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ზოგმა ეს შეძლო, ზოგი კი ომს შეეწირა. ალან ბადოევმა და მისმა გუნდმა ამ უნიკალური მასალიდან შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მაყურებელს ომის საშინელებებსა და ადამიანურ ტრაგედიებს უშუალოდ აცნობს.

ფილმში ნაჩვენებია სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთა ისტორიები, მათ შორისაა მარიუპოლი, ჩერნიგოვი და ხერსონი. ფილმის გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მაგალითად, ანა კორჟოვა, რომელიც ეკრანიდან მოგმართავს: "გთხოვთ, მეტი დრო გაატარეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან". მისი საქმრო, რომელმაც წინასწარ შეუკვეთა ყვავილები მათი ქორწინების დღისთვის, ომში დაიღუპა. ანამ თაიგულზე ადრე მიიღო მისი დაღუპვის ცნობა, რასაც მოჰყვა ყვავილები და წერილი, საყვარელი ადამიანისგან.

ფილმში ბევრ ასეთ ისტორიას ნახავთ. "დოვგა დობა" არის ფილმი, რომელიც გვახსენებს ომის ნამდვილ ფასს და ადამიანის სულის სიმტკიცეს. ეს არის ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.

ფილმის პრემიერა საქართველოში „პალიტრანიუსის“ ეთერში იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ტელევიზიის დირექტორი, ლევან ტაბატაძე გვესაუბრა:

რაშია ამ ფილმის უნიკალურობა და მოიპოვეთ მისი ჩვენების უფლება?

24 თებერვლისთვის რა თქმა უნდა, წინასწარ ვემზადებოდით, ვგეგმავდით სატელევიზიო ეთერს. ძალიან გვინდოდა, ეს ფილმი ქართველ მაყურებელს ენახა და უკრაინის საელჩოს დავუკავშირდით. უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოლოტილოვა დაგვეხმარა, რომ ამ ფილმის რეჟისორს დავკავშირებოდით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა მას და უკრაინის საელჩოს.

ფილმის რეჟისორმა, ალან ბადოევმა 12000 უკრაინელის გადაღებული ვიდეოები შეკრიბა და 200 საათიანი ვიდეო მასალიდან, 2 საათიანი საოცარი ფილმი შექმნა. ოპერატორები თავად უკრაინელი ხალხია, ვინც ომის ჯოჯოხეთი გამოიარა. ფილმის პერსონაჟებიც ჩვეულებრივი უკრაინელები არიან, რომლებიც ტელეფონებით იღებდნენ თავიანთ უმძიმეს ყოფას და გადარჩენას ცდილობდნენ.

ფილმის რეჟისორი, ალან ბადოევი

როგორი იყო ემოციები, როცა პირველად ნახეთ ფილმი?

თუ გინდა რომ ომის საშინელება სრულად გაიაზრო, ეს ფილმი უნდა ნახო. მე დოკუმენტური ფილმების ძალიან დიდი მოყვარული ვარ, ძალიან ბევრნაირი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ „დოვგა დობა“ უნიკალურია. აქ არაფერი არ არის დადგმული, არც ერთი კადრი არ არის მოგონილი. ეს არ არის უბრალოდ ქრონოლოგიურად დალაგებული ვიდეო მასალა, ეს არის ისტორიები ომის დაწყებამდე და მერე, ეს ისტორიები შენს თვალწინ ვითარდება. ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. ზოგს გაუმართლა და გადარჩა, ზოგი კი ომს შეეწირა. ფილმი ბევრ ძალიან ემოციურ და მძიმე კადრებს შეიცავს, ხედავ, როგორ ტრაგიკულად ასრულებს სიცოცხლეს, ამ ისტორიის მონაწილე.

ეს ფილმი არა მხოლოდ ომის ამბავს გვიყვება, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის. ნახავთ, როგორ იმალებოდნენ ადამიანები სარდაფებში, როგორ ცდილობდნენ გადარჩენას დაბომბვების დროს, ნანგრევებში. განადგურებულ ქალაქებში. თითოეული ისტორია რეალურია, ყველაზე გულწრფელი, რაც შეიძლება ნახო.

ფილმი ქალაქების მიხედვითაა დაყოფილი და ასახავს განსაკუთრებით მძიმე მომენტებს, მაგალითად, ხერსონის დაბომბვას. ეს ქალაქი განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა – რუსული არმია უკვე შესული იყო, მაგრამ უკრაინელებმა უკომპრომისო წინააღმდეგობა გაუწიეს. უიარაღო ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, მტერს წინ აღუდგნენ და ტანკებს დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციები იმართებოდა, თუმცა მათ მძიმე ფასი ჰქონდა – ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტეს, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟიც სწორედ ამ აქციებს ემსხვერპლა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvpalitranews%2Fvideos%2F9326267870745152%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ფილმის დრამატურგიაზე რას გვეტყვით?

ფილმი საოცარ დრამატურგიას გვთავაზობს. აქ არის სიყვარულის ისტორიებიც, ყოველდღიურობის, ბრძოლისა და მებრძოლების ამბები. ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია ეხება წყვილს, რომელიც ომის ფონზე ცდილობდა ერთად ყოფნის იმედის შენარჩუნებას. წყვილს ქორწილის თარიღი ჰქონდათ დანიშნული, მაგრამ ბიჭი ფრონტზე აღმოჩნდა. მან კურიერის მეშვეობით ყვავილები გაუგზავნა საცოლეს, მაგრამ მისი გარდაცვალების ამბავმა ყვავილებზე ადრე მიაღწია გოგონამდე. ეს მისი უკანასკნელი გზავნილი აღმოჩნდა შეყვარებულთან.

ფილმში ბევრი ადამიანის ისტორიაა ქრონოლოგიურად მოთხრობილი. ბევრი სცენა, რომელსაც ამ ფილმში ნახავთ, შესაძლოა ფრაგმენტულად ადრეც შეგხვედრიათ, მაგრამ აქ მათ სრულიად ახალ კონტექსტში იხილავთ. ეს ფილმი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ის, რაც კადრის მიღმა იმალებოდა – რა ხდებოდა მანამდე, როგორ განვითარდა მოვლენები და რა გაგრძელება მოჰყვა. ეს არა მხოლოდ დოკუმენტური ჩანაწერები, არამედ რეალური ამბებია, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

ფილმი ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულებაა უკრაინელი ხალხის მიმართ. მათი ტკივილი ჩვენთვის ძალიან ახლოსაა – ის ჩვენი ახლო წარსულის გრძნობებს გვახსენებს. იმ რეალობას, რომელიც ჩვენც გამოგვიცდია.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია ეხება ქალს, რომელიც ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცდილობს გადარჩენას დაცლილ ქალაქში. იგი ყოველდღე იღებდა ვიდეოებს, ცდილობდა ბავშვის გამხიარულებას, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა. ფილმი ასეთ რეალურ და ემოციურ ისტორიებს აერთიანებს – ეს არის ადამიანების გადარჩენის მცდელობა, ცხოვრების გაგრძელების იმედი, რომელიც ომის ფონზე იბადება.

ამ დოკუმენტურმა ფილმმა იმდენი მასალა მოაგროვა, რომ მისი ყოველი კადრი დამოუკიდებელი ისტორიაა. კადრების მასშტაბურობით, ფილმი შეგახსენებთ „შინდლერის სიას“ – ის სცენები, სადაც ხალხი ჩანთებით, სასოწარკვეთილი ცდილობს დაბომბვებისა და ცეცხლის წერტილების დატოვებას. მატარებლის სადგურები, სადაც ადგილი აღარ არის, ხალხი ერთმანეთს ეკვრის, მხოლოდ ერთი იმედით – როგორმე გაეცალონ ომის ზონას.

ამ სცენებს ვერავინ დადგამს. ვერც ერთი რეჟისორი ვერ გადაიღებს, ვერც ერთი მსახიობი ვერ ითამაშებს იმ ემოციებს, რაც ამ ფილმშია ასახული. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი დრამა – ეს არის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც ომის პირობებში გადაიღეს ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს მისი სისასტიკე. სწორედ ამიტომ, ეს ფილმი უნიკალურია – ის მაყურებელს არამარტო დაანახებს ომის საშინელებას, არამედ აგრძნობინებს მას.

როგორ მოახერხეთ ფილმის ადაპტაცია ქართველი მაყურებლისთვის?

ტექნიკური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენი რეგულაციებისთვის დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო, ქართველი მაყურებლისთვის ფილმს ადაპტაცია დაჭირდა. 2 საათიანი ფილმი ვთარგმნეთ და გავტიტრეთ ქართულ ენაზე. ვინც რუსული არ იცის, ისიც შეძლებს ყურებას.

როდის შედგება ფილმის ჩვენება?

„დოვგა დობა“ ექსკლუზიურად მხოლოდ „პალიტრანიუსის“ ეთერში გავა. უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, 23:00 სთზე. განმეორებითი ჩვენება იქნება ოთხშაბათს, 23:00 სთ. და კვირას 23:00 სთ-ზე.