ოჯახში, სადაც თითქმის ყველა წევრი სიმღერის ნიჭით იყო დაჯილდოებული, მუსიკა დათო კენჭიაშვილისთვის დაბადებიდანვე არსებობდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი სიყვარული ფოლკლორისადმი. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მომღერალი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, გზა წარმატებისკენ მარტივი არ ყოფილა.
ბულინგი, უარყოფა, წინააღმდეგობები – ყველაფერი, რაც შეიძლება ხელოვანმა კარიერის საწყის ეტაპზე გადაიტანოს, საკუთარ თავზე გამოცადა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ იმ რთული გზის გავლა იყო, სადაც უნდა დაამტკიცო, რომ შენი შემოქმედება მნიშვნელოვანი და ფასეულია. დათოსთვის ამ პროცესში ფოლკლორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მან ყველაფერი თავისი იდენტობის გარშემო ააგო და ეს გზაც სწორედ ქართული ფოლკლორის სიყვარულმა გაუნათა.
როდის და როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური გზა და რა იყო მთავარი მოტივაცია?
დათო კენჭიაშვილი:
მუსიკა ჩემთვის არასოდეს ყოფილა უცხო – ეს ბუნებრივი ნაწილი იყო როგორც ჩემი ცხოვრების, ისე ჩემი ოჯახის. სიმღერის სიყვარული ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რადგან ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ღმერთისგან დაჯილდოებული იყო ამ ნიჭით. სწორედ ამიტომ, ინსპირაციის ძიება არ დამჭირვებია – ეს სიყვარული შინაგანად მოდიოდა და თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი გზა მუსიკას უნდა დაკავშირებოდა.
ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ყოველთვის ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყნის კულტურა იყო. ეს არის ფუნდამენტი, რაზეც გავიზარდე და რაც დღემდე მაძლევს მოტივაციას ჩემს საქმიანობაში. რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან, უკვე ვგრძნობდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა და მას ბოლომდე ვემსახურებოდი.
ბავშვობიდანვე იცოდით, რომ მომღერალი გახდებოდით, თუ სხვა გეგმები გქონდათ?
ძალიან საინტერესო კითხვაა, რადგან ამ თემაზე ყოველთვის ერთი განსაკუთრებული ისტორია მახსენდება. 1999 წელს, როცა საერთოდ არავის უფიქრია, რომ მე მუსიკალურ კარიერას შევქმნიდი, ასეთი ჩანაწერი გავაკეთე: „აუცილებლად გავხდები ცნობილი ადამიანი და ამას მივაღწევ კიდეც!“ 14 წლის ვიყავი და არ ვიცი, რატომ ვთქვი ეს ასე დარწმუნებით, მაგრამ რაღაც შინაგანი შეგრძნება მქონდა – თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ჩემი გზა იქნებოდა. შეიძლება ვინმესთვის ეს ხმამაღალი განაცხადი ჩანდეს, მაგრამ ეს უფრო წინათგრძნობა იყო, ვიდრე უბრალოდ ოცნება. მაშინ არც მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, არც პროფესიულად ვემზადებოდი, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემი მომავალი მუსიკასთან იქნებოდა დაკავშირებული. დრო გავიდა და ახლა ვხედავ, რომ ეს შეგრძნება სწორად მიმიძღვებოდა ჩემი მიზნებისკენ.
დათო დედასთან ერთად
იმ პერიოდში დადიოდით სიმღერაზე?
არა, არ დავდიოდი, მაგრამ როდესაც სახლში სტუმრები მოდიოდნენ, ყოველთვის ვმღეროდი ქართულ სიმღერას. ჩემი ბაბუა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო – ის ყოველთვის თან ატარებდა CD-დისკს ჩემი სიმღერით - „შენმა სურვილმა დამლია“ და სიამაყით ასმენინებდა ყველას, სადაც კი მიდიოდა. მისთვის ეს უბრალო სიმღერა არ იყო, ალბათ ეს იყო მისი რწმენა ჩემს მომავალზე.
დათოს პაპა
მუსიკალურ კარიერაში წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. როგორი იყო თქვენი გზა?
ჩემი გზა მარტივი არ ყოფილა – ბევრი დაბრკოლება, უარყოფა და კრიტიკა დამხვდა წინ. ხშირად მომიწია იმ წინააღმდეგობებთან შეჯახება, რომლებიც ან გარემოებებმა შექმნა, ან ადამიანებმა გამიწიეს. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი მუსიკალური განვითარების პროცესის ნაწილია. ხელოვანს ყოველთვის ჰყავს როგორც გულშემატკივრები, ისე კრიტიკოსები. ზოგს ჩემი მუსიკა უყვარს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობს, სხვები კი ღიად გამოხატავენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ამ გარემოში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნება – არ შევჩერებულიყავი და არ დამეკარგა მუსიკის სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ რთული და მტკივნეული პერიოდები მქონდა, ამ სირთულეებმა უფრო გამაძლიერა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს არის გზა, რომელიც მართლა უნდა გამევლო.
ვის მხრიდან იყო ბულინგი? მსმენელების მხრიდან, თუ თვითონ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან?
ბულინგი მსმენელებისგან არასოდეს მიგრძნია – პირიქით, გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ბევრისთვის ძვირფასია. მათგან წამოსული სიყვარული და მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. თუმცა, წარმატების გზაზე დაბრკოლებების გარეშე ვერ ივლი – მათ შორის არის ბულინგიც. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, გაძლიერებს, გაძლევს იმუნიტეტს და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა გწევს. არ ვარ ფოლკლორისტი და ამას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემთვის ფოლკლორი ყოველთვის მთავარი ღერძი იყო და არის. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები, რომლებიც წინაპრებმა გადმოგვინახეს და დღესაც ცოცხლობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართული ფოლკლორი არ ჩერდება, ის ვითარდება, ახალ ფორმებს იძენს და მომავლისკენ მიდის. ჩემთვის უდიდესი გამარჯვებაა, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილიცაა, თუნდაც კოლაბორაციების სახით.
დათო დედასთან და დასთან ერთად
ამჯერად რაზე მუშაობთ?
ვემზადები განსაკუთრებული კონცერტისთვის, რომელიც 7 მარტს ფილარმონიაში გაიმართება. „დედა ღვთისაა“ – ასე ჰქვია ამ საღამოს, რომელსაც ჩემი დედიკოს ხსოვნას ვუძღვნი. მან 5 წლის წინ დაგვტოვა. ეს თარიღიც სიმბოლურად შევარჩიე, რადგან 7 რიცხვში დავიბადე, და ჩემთვის ეს კონცერტი არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ ემოციური და გულწრფელი შეხვედრა იქნება იმ დედებთან, ვინც ამ დღეს მოვლენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს კონცერტი იყოს თბილი, მშვიდი და ისეთი, როგორიც დედას უყვარდა.
ასევე, მაქვს საბავშვო სტუდია „თაობა“, სადაც ბავშვებს ქართულ სიმღერას ვასწავლი. თუ გიყვართ ქართული მუსიკა და გსურთ ყველა სიახლე პირველებმა გაიგოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე, ჩემთვის ეს უდიდესი მხარდაჭერა იქნება!
რა რჩევას მისცემდით ახალბედა მომღერლებს, რომლებიც ცდილობენ წარმატების მიღწევას?
არავის აზრმა არ უნდა შეგაშინოთ – უბრალოდ იარეთ წინ, რასაც არ უნდა გეუბნებოდნენ. არასოდეს მისცეთ სხვებს უფლება, რომ თქვენი მუსიკალური გზა განსაზღვრონ. მე თავად ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, როდესაც სხვისი გავლენის ქვეშ მოვექეცი, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ბულინგით ცდილობდნენ ჩემს შეჩერებას. ამიტომ ვურჩევდი ყველას – არ მოუსმინოთ უარყოფით რეპლიკებს, მოსწონთ თუ არა თქვენი ნამუშევარი. მთავარია, რომ თქვენ გჯეროდეთ საკუთარი თავის. წარმატება ხშირად დიდი ფასის გადახდას მოითხოვს – უძილო ღამეებს, რთულ ურთიერთობებს, გულისტკენას, მტკივნეულ გამოცდილებებს... მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთადერთი სწორი მიმართულება მხოლოდ წინ არის. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, რაც არ უნდა შეგხვდეთ გზაზე, არასოდეს თქვათ უარი იმაზე, რაც გულით გსურთ.