საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. „ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯო უილსონმა.
ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელის, სივ მოსლეტის თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.
„კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით. ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.
სხდომაზე განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ:
„პირველ რიგში მსურს, თქვენი ყურადღება მივმართო ძალიან მტკივნეული და შემაშფოთებელი მოვლენებისკენ, რომელიც საქართველოზე ზეგავლენას ახდენს. ეს არის საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და მოვლენებზე, რომელიც ადგილზე ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. გასულ კვირას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უფრო მეტიც, ამ ფარსი არჩევნებისთვის ორი უბანი გაიხსნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოსკოვსა და ჩერკასში. მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას“, - აღნიშნა სამხარაძემ.
მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ქმედება და საკანონმდებლო აქტი ბათილად არის გამოცხადებული. საგანგაშოა ის, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ ახერხებს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარების დაგმობას. ევროპული უსაფრთხოების ფართო კონტექსტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვის კუთხით არსებული ხარვეზები იწვევს განცდას, რომ სტაბილურობის უზრუნველყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის განსაზღვრა სცილდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს მიმართა, რომელმაც კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა.
„ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში“, - მიმართა სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენს.