ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი "როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები".
წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“.
შოლცმა მიულოცა კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს ფრიდრიხ მერცს. ამასთან, შოლცის თქმით, ის ვერასდროს მიიღებს, ულტრამემარჯვენე პარტიას.
"ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები - AfD - და ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი არის ის, რასაც ვერ მივიღებთ და მე არასოდეს მივიღებ“, -განაცხადა შოლცმა და დასძინა:
„ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან“, - ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედოვნებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები „ამ დაპირებას შეასრულებენ“.
ის განაგრძობს იმას, რომ მას სურს მისი პარტია დარჩეს „მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად მომავალში".
"დარწმუნებული ვარ, რომ... ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი დარჩეს", - ამბობს გერმანიის კანცლერი.
რა თქვა კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
მან ისაუბრა "შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე" და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე".
"დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას. ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა... დანარჩენი მსოფლიო არ გველოდება.
მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, - განაცხადა მან და დასძინა: „დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას“.
მერცი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია „ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან“ თავდაცვის სფეროში.
"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე“.
მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ "ჩაერია" ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას "მკვეთრი და სამარცხვინო".
"ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში", - დასძინა მან.
ამასთან, მერცის თქმით, "ეს არის მისი პარტიის აშკარა გამარჯვება" და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენდეს.
ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.
"დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, - განაცხადა მერცმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.
„მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა იქნება მთავარი”, - წერს რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც Truth Social-ზე წერს, რომ დიდი დღეა გერმანიისთვის.
„როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა დღის წესრიგში საღი აზრის არ არსებობით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებზე. დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯენტლმენი, სახელად დონალდ ტრამპი. გილოცავთ ყველას - კიდევ ბევრი გამარჯვება“, - წერს ტრამპი.
მერცს მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ერთად მუშაობას „ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის“.
”ამ გაურკვევლობის პერიოდში, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მსოფლიოსა და ჩვენი კონტინენტის დიდი გამოწვევების წინაშე,” - წერს მაკრონი X-ზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მოუთმენლად ელის გერმანიის ახალ მთავრობასთან მუშაობას.
„მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან მუშაობას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და მივაღწიოთ ზრდას ჩვენი ქვეყნებისთვის“, - წერს სტარმერი X-ზე.
ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, უკრაინის რეალური მშვიდობასთან მისაახლოებლად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.