23 თებერვალს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება ქდკ/ქსკ-ის ბლოკმა მოიპოვა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. გამარჯვება მოსალოდნელი იყო, თუმცა შედეგები ოდნავ ჩამორჩა წინასაარჩევნო პროგნოზებით ნავარაუდევ 30%-ს. ახლა სწორედ მერცი ჩამოაყალიბებს გერმანიის ახალ მთავრობას.
მერცის დაბრუნება პოლიტიკაში
2018 წელს, როცა ფრიდრიხ მერცმა დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და ანგელა მერკელის მემკვიდრედ კენჭისყრა გადაწყვიტა, პრესკონფერენციის დასაწყისში საჭიროდ ჩათვალა, ჟურნალისტებისთვის შეეხსენებინა, რომ მისი გვარი, მიუხედავად იმისა, რომ ჟღერს როგორც მარტი (März), სხვაგვარად იწერება — Merz.
დაახლოებით 15 წლის წინ ფრიდრიხ მერცი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქდკ/ქსკ-ში, რომელიც იმ დროისთვის ოპოზიციაში იყო. ის ცდილობდა პარტიის ლიდერობა მოეპოვებინა და ამ ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტი ანგელა მერკელი იყო.
69 წლის ასაკში, მერცმა ბოლოს და ბოლოს მიაღწია გერმანული პოლიტიკის მწვერვალს: თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ის გერმანიის ახალი კანცლერი გახდება.
გზა ლიდერობამდე
როდესაც 2018 წელს მერცი პოლიტიკაში დაბრუნდა, როგორც კლასიკური მემარჯვენე ლიბერალი - გამარტივებული საგადასახადო სისტემისა და იმიგრაციის შეზღუდვის მომხრე იყო - ის სწრაფად გახდა მერკელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ყველაზე პოპულარული ქდკ-ის რიგით წევრებს შორის. თუმცა პარტიის ხელმძღვანელობამ ორჯერ ჩაუშალა მას პარტიის ლიდერობის მოპოვების მცდელობა. ჯერ 2018 წელს ლიდერად აირჩიეს მერკელის რჩეული ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, ხოლო 2021 წელს -არმინ ლაშეტი.
2021 წელს, პოლიტიკოსებმა - მერკელთან ერთად, რომელიც კვლავ კანცლერი იყო - ქდკ არჩევნებში მარცხამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ პარტიამ ბოლოს და ბოლოს მესამე ცდაზე ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩია.
რაკეტები უკრაინისთვის
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ოპოზიციაში ყოფნისას, ფრიდრიხ მერცი ხშირად აკრიტიკებდა ოლაფ შოლცს უკრაინისადმი დახმარებაში გამოჩენილი გაუბედაობისთვის და სხვა არასოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად, მოითხოვდა უკრაინისთვის Taurus KEPD 350-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას.
ოქტომბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შოლცის ადგილზე უკრაინას რაკეტებს გადასცემდა ბრიტანეთთან და საფრანგეთთან საერთო პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ და ვლადიმირ პუტინისგან უკრაინული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტის მოთხოვნით.
მერცმა თქვა:„თუ დაბომბვები არ შეწყდება, პირველი ნაბიჯი იქნება დარტყმების რადიუსზე არსებული შეზღუდვის მოხსნა (რაც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შესვლას). მეორე ნაბიჯი კი იქნება Taurus-ის მიწოდება. შემდეგ კი პუტინმა თავად გადაწყვიტოს, რამდენად შორს წავა ესკალაციაში ამ ომში.“
ამჟამად ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინას აწვდიან ფრთოსან რაკეტებს Storm Shadow/SCALP, რომელთა მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრამდეა, მაშინ როცა გერმანული Taurus-ის რაკეტებს 500 კილომეტრამდე რადიუსი აქვთ.
მერცი კიევში
9 დეკემბერს ფრიდრიხ მერცი ომის პერიოდში უკვე მეორედ ეწვია კიევს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა. მან ასევე შესთავაზა ახალი ალიანსის შექმნა უკრაინის ყველაზე დიდი ევროპული მოკავშირეების მონაწილეობით. მერცის აზრით, ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ბრიტანეთი.
„უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. პუტინი მხოლოდ მაშინ დათანხმდება მოლაპარაკებებს, როცა უკრაინა თავდაცვის უნარს შეინარჩუნებს,“ — აღნიშნა მან კიევში.
130 მილიარდი თავდაცვისთვის
ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-ს მომავალში შესაძლოა უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკა ჰქონდეს დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში და უნდა შეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი თავის დაცვა რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან.
მაგრამ მერცი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სამხედრო ხარჯები სწრაფად უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ ნატოს მიერ რეკომენდებულ 2%-მდე (რასაც გერმანიამ წელს პირველად მიაღწია), არამედ მინიმუმ 3%-მდე და რაც შეიძლება სწრაფად.
„რუსეთი ისეთი ტემპით იარაღდება, რომ ხუთიდან რვა წელიწადში შესაძლოა ნატოს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს,“ — განაცხადა მერცმა ოქტომბრის ინტერვიუში.
საზღვრის დახურვა არალეგალებისთვის
იმიგრაციის საკითხში მერცი ცდილობს ხმები წაართვას თავისი მთავარი ოპონენტს, ანტიიმიგრანტული პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" ამომრჩევლებს. ის მოუწოდებს მკვეთრად ჩამოშორდნენ "ღია კარის" პოლიტიკას, რომელიც ანგელა მერკელმა დაიწყო და რომელსაც დღევანდელი მთავრობაც აგრძელებს.
"გერმანიის საზღვრებზე რაღაც უნდა გაკეთდეს, და ჩვენი შეთავაზებაა - ხალხის უკან გაბრუნება საზღვარზე დაუყოვნებლივ. ჩვენ 2015 წლიდან ვიცით, რომ ეს იურიდიულად შესაძლებელია და ახლა, 2024 წელს, ბოლოს და ბოლოს უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და დავიწყოთ მოქმედება,“ - განაცხადა მერცმა.
მიუხედავად ამისა, ის კატეგორიულად უარს ამბობს "ალტერნატივასთან" თანამშრომლობაზე ან კოალიციის შექმნაზე, ეს პარტია გამოკითხვებში მეორე ადგილს იკავებს ქდკ/ქსკ-ის შემდეგ. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მერცს მოუწევს კოალიციის შექმნა ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებთან ერთად.
Leitkultur - „წამყვანი კულტურა“
2000-იან წლებში მერცი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო „Leitkultur“-ის კონცეფციის. ამ იდეის მიხედვით, გერმანიაში უნდა არსებობდეს პრიორიტეტული გერმანული კულტურა ტრადიციული (მათ შორის ლიბერალური) ღირებულებებით, რომელიც უნდა დომინირებდეს იმიგრანტების კულტურებზე. ეს კონცეფცია ეწინააღმდეგებოდა მრავალკულტურიანობის პოლიტიკას.
ერთი წლის შემდეგ, რაც მერცი პოლიტიკიდან წავიდა, ანგელა მერკელმა საჯაროდ აღიარა, რომ მრავალკულტურიანობის პოლიტიკა გერმანიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.
პოლიტიკიდან ბიზნესში და უკან
ფრიდრიხ მერცი განათლებით იურისტია. 1989 წელს, 35 წლის ასაკში, იგი ევროპარლამენტში შევიდა ქდკ-ის სახელით, რომელშიც ახალგაზრდობიდან იყო გაწევრიანებული. 1994 წელს ის ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა.
2000 წელს, როდესაც კანცლერი იყო გერჰარდ შრიოდერი (პუტინის მეგობრად ცნობილი), ხოლო ქდკ-ს ხელმძღვანელობდა ედმუნდ შტოიბერი, მერცი ბუნდესტაგში ქდკ/ქსკ-ის ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
იმ დროს მას შტოიბერის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, მაგრამ საბოლოოდ პარტიის ლიდერობა ანგელა მერკელმა მოიპოვა. 2002 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, როცა ქდკ-ს ისევ სოციალ-დემოკრატებმა აჯობეს, მერკელმა პარტიაც და ფრაქციაც ჩაიბარა, ხოლო მერცი მისი მოადგილე გახდა. მან თავი ანება პარტიულ ბრძოლას და 2009 წელს, 55 წლის ასაკში, საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან - კორპორატიულ იურისტად მუშაობის დასაწყებად. მერცი გახდა რამდენიმე დიდი კომპანიის მრჩეველი და დირექტორი. გერმანული მედიის ინფორმაციით, ის ახლა საკმაოდ შეძლებული ადამიანია.
პოლიტიკაში დაბრუნება
2018 წელს, როდესაც ანგელა მერკელმა (63 წლის ასაკში) პარტიის ხელმძღვანელობის დატოვება გადაწყვიტა, მერცმაც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო და მისი ადგილი დაეკავებინა. მას მხოლოდ მესამე ცდაზე გაუმართლა.
პარტიის რიგით წევრებს შორის მერცი ყოველთვის ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო, მაგრამ პარტიის ლიდერს კონგრესის დელეგატები ირჩევდნენ.
პირველად მათ აირჩიეს მერკელის რჩეული - ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.
მას შემდეგ რაც თავი ვერ გაართვა საქმეს და გადადგა, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს არმინ ლაშეტი, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქდკ/ქსკ 2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში დამარცხდა, პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლიდერი პირდაპირი კენჭისყრით პარტიის ყველა წევრს აერჩია. ამ არჩევნებში მერცმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა, 62%-ის მხარდაჭერით, და საბოლოოდ პარტიის ლიდერი გახდა.
წაიკითხეთ ასევე: