უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანია აგრესიის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. 3 წლისთავზე, კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც განხილული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სამომავლო საკითხები.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება.
"უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება. პუტინი ისე ცდილობს ომის ადგილზე მოგებას, როგორც არასდროს. მისი მიზანი უკრაინის კაპიტულაცია რჩება. შემდეგ კი ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, რადგან ეს უკვე მოხდა. სასწორზე მხოლოდ უკრაინის ბედი არ დევს, სასწორზე ევროპის ბედიც დევს. ასე რომ, ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერება რჩება. უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუყოვნებელი მიწოდება და ეს იქნება ჩვენი მუშაობის ცენტრალური ნაწილი უახლოეს კვირებში. ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში. შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინაში 3,5 მილიარდი ევროს ახალი გადახდა უკვე მარტში მოვა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო.
„გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი არ გამოავლენენ ნამდვილ მზაობას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
“უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან ერთად“, - წერს ანტონიო კოსტა X-ზე.
“რუსეთის სასტიკი შეჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სტუმრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.
“წინააღმდეგობის სამი წელი. მადლიერების გამოხატვის სამი წელი. უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი. ვამაყობ უკრაინით!“ - წერს პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ომის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ის მადლობას უხდის ყველას, ვინც უკრაინას იცავს და მხარს უჭერს.
“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იცავს და მხარს უჭერს. ყველას ვინც მუშაობს უკრაინისთვის. დაე, მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის“, - წერს ზელენსკი.
სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს უკრაინელი ხალხი მსვლელობებით, ბანერებით და შეძახილებით დახვდა.
“ერთიანობის მარში“ გაიმართა ხარკოვში.
ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, ლვოვში ცერემონია გამართეს.
ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
“უკრაინის ლურჯი და ყვითელი ფერები წინააღმდეგობის ფერებია. ამ სამწუხარო წლისთავზე ისინი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო, ჩვენს შენობას ამშვენებენ. ჩვენი მამაცი მეზობლები, პარტნიორები და ევროკავშირის მომავალი წევრები“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.