ავტორი:

"მარტოები ვართ სახლში, ბავშვებთან და მოხუც ბებიასთან ერთად... სახლმა ცალ მხარეს მიიღო დეფორმაცია" - რას ჰყვება მოქალაქე სოფელ ხიდისთავიდან

"მარტოები ვართ სახლში, ბავშვებთან და მოხუც ბებიასთან ერთად... სახლმა ცალ მხარეს მიიღო დეფორმაცია" - რას ჰყვება მოქალაქე სოფელ ხიდისთავიდან

თითქმის ერთი კვირაა, გურია გარე სამყაროს მოწყვეტილია. სტიქიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი რომელიც 85 წლის დედას უვლიდა.

უმწეო მოხუცი ახლა მიცვალებულთან მარტოა, რადგან დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად. იური ჭუმბურიძე მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.

  • დიდთოვლობამ გურიაში მრავალი პრობლემა შექმნა – გზების ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. რეგიონის რამდენიმე სოფელი გაზის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. დათოვლილ გზებს მოტეხილი ხეებიც ხერგავს.

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური თოვლის გამო, დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.

რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

მათ შორის არის ლიკა მამალაძე, რომელიც სოფელ ხიდისთავში იმყოფება:

- მარტოები ვართ სახლში, ბავშვებთან და მოხუც ბებიასთან ერთად. დიდი თოვლია, სახლმა ცალ მხარეს მიიღო დეფორმაცია. მეუღლე თბილისში ჩარჩა, არავინ არ არის ფიზიკურად, რომ მოგვეხმაროს. მეზობელი იყო და მხოლოდ იმ ადგილის ჩამოთოვლა შეძლო, რომელიც დეფორმირებულია.

კარები არ იკეტება, სახლში ღუმელი გვაქვს, მაგრამ ბოლს უკან აბრუნებს, რადგან გარეთ ქარია.

ნინა სურამელაშვილი:

- დათოვლილ ბილიკში მუხლამდეა თოვლი, დანარჩენი ჩემი სიმაღლე იქნება. გადაუღებლად თოვს. უკვე წელამდე ვეფლობი. ვიფიქრე ბილიკს გავთოვლავ მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. სიჩუმეა, არავითარი მობილური ჯგუფები, გამგეობა, არავითარი მოკითხვა. რაღაც ხომ უნდა ხდებოდეს, ჩვენი თავის იმედი თუ გვაქვს, მაშინ რაში გვჭირდება ვინმე. რა გავაკეთოთ შიშველი ხელებით, შეხედეთ ამ თოვლის მთებს. რაღაც გვიშველეთ დააორგანიზეთ მობილური ჯგუფები.