“თუ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ორი ბირთვული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნის მთავარი განმსაზღვრელი აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იქნება.
“თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ჩინეთის მუდმივი უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ორ ბირთვულ ძალაზე, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იქნებიან გაერთიანებულები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა რუსეთს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი ჩინეთზე მთლიანად დამოკიდებულები იქნებიან“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ს ჩინეთთან კონკურენცია ექნება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ეს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
“რუსებთან უთანხმოება გვექნება, მაგრამ ურთიერთობა ორივე მათგანთან უნდა გვქონდეს. ეს ქვეყნები დიდი და ძლიერი სახელმწიფოები არიან, რომელთაც ბირთვული მარაგები აქვთ. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებში საღი აზრის ცნება დავკარგეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.
“არ მგონია, რომ ვინმე ამას მათი მხრიდან სერიოზულ წინადადებად ჩათვლის. არ ვფიქრობ, რომ მათთვის ბირთვული იარაღის გადაცემა გამოსავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს რეალური მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
მისივე თქმით, მსოფლიოში ნაკლები ბირთვული სახელმწიფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი.
“ვფიქრობ, რომ ამით მათი პრობლემის მოგვარება არ ხდება. ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა. როგორ უნდა დაასრულო კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და თან ისე, რომ ორ-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს? ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი ამაზე პასუხს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.