მსოფლიო ლიტერატურას ბევრი გამორჩეული ქალი ავტორი ჰყავს, რომელთა შემოქმედებაც თაობებს შთააგონებს. სწორედ მათ მემკვიდრეობაზე აღიზარდა ბევრი თანამედროვე ქალი მწერალი, რომლებმაც ფასდაუდებელი ნაწარმოებები აჩუქეს მკითხველს.
დღეს ქალი ავტორების ხმა ლიტერატურაში კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის. ისინი ეხებიან გენდერულ, კულტურულ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებს, აქვთ გავლენიანი გამოსვლები წიგნის ფესტივალებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ფართო საზოგადოებასთან მიაქვთ ქალების პრობლემები თუ მიღწევები და თავიანთი წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებების დაცვაში.
თანამედროვე ქალი მწერლების წარმატება და აღიარება შთააგონებს დამწყებებს, კიდევ უფრო მონდომებით იმუშაონ თავიანთ იდეებზე და ლიტერატურულ ნაწარმოებად გარდაქმნან. ოლანი ბიწაძე, რომელმაც 2022 წელს გაიმარჯვა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“, სწორედ ერთ-ერთი ქალი ავტორია, რომელიც რომელმაც ლიტერატურის სამყაროში ახლახან შეაბიჯა.
თავის სადებიუტო წიგნში „მანიტუ“ ოლანი ბიწაძე მაგიური რეალიზმით გადმოსცემს წარსულში, აწმყოსა და სიზმარში მომხდარ მოვლენებს. „მანიტუ“ მფარველი სულია, საიდუმლო ჯადოსნური ძალა, რომლის არსებობისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებს სჯერათ. თუმცა ოლანი ბიწაძის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ასევე თვლის, რომ მანიტუდ შეიძლება გარდაცვლილი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც იქცნენ, ან უბრალოდ ისინი, ვინც ფიქრებით ყოველთვის ჩვენთან არიან. ეს წიგნი დაკარგული მანიტუს ძიებაზეა, რომლის გზაც სინამდვილის და გამონაგონის, ცხადის და სიზმრის საზღვარზე გადის.
ავტორი გვიზიარებს ქალ მწერლებს, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ასევე საუბრობს ქალი ავტორების მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურაში:
თქვენი აზრით, განსხვავდებიან თუ არა ერთმანეთისგან ქალი მწერლების ქალი პერსონაჟები და მამაკაცი მწერლების ქალი პერსონაჟები?
გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, შეუძლებელია. ქალ და მამაკაც მწერალს და მათ შემოქმედებით ნიჭს გააჩნია. თავისუფლად შეიძლება ნიჭიერმა მამაკაცმა ავტორმა თვითმყოფადი და საინტერესო ქალი პერსონაჟი შექმნას და ნაკლებად ნიჭიერ ქალ მწერალს არაფერი გამოუვიდეს ან პირიქით, ნიჭიერმა ქალმა მწერალმა შექმნას არაჩვეულებრივი მამაკაცი პერსონაჟები. უბრალოდ, ქალის შემთხვევაში, კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებების ქონა შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაცაა, რომ მეტწილად ქალი მწერლების ქალი პერსონაჟები არიან გაცილებით ნამდვილები, გულწრფელები და ცოცხლები, მამაკაცი მწერლების ქალი პერსონაჟები კი ხშირად უფრო საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ირეკლავენ ხოლმე.
რომელ 3 ქალ ავტორს გამოარჩევთ, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?
ლიტერატურის სიყვარული და მკითხველად ყოფნის სურვილი სწორედ ქალმა ავტორმა გამიჩინა, ამიტომ უცნაური არ იქნება, თუ საყვარელი ქალი ავტორების სამეულს ასტრიდ ლინდგრენით დავიწყებ. მისი პერსონაჟები ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასები არიან.
სიაში მეორე დორის ლესინგი იყოს, რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. სანამ ,,ოქროს რვეულს“ წავიკითხავდი, იქამდე მეწტილად მეც კაცი ავტორების პერსპექტივიდან დანახულ ქალებს ვიცნობდი, რაც, ბუნებრივია, დანაკლისის და პროტესტის განცდასაც მიჩენდა. ,,ოქროს რვეულმა" არა მარტო ჩემი ხედვა ამოატრიალა ქალ პერსონაჟებსა თუ ავტორებზე, როგორც მომავალ მწერალსაც ბევრ რამეში დამეხმარა. გაბედვის ხელოვნების ,,სახელმძღვანელო" იყო ჩემთვის ეს წიგნი. სამეულს მარგარეტ ეტვუდით დავაგვირგვინებ. მისი ,,მოხუცებული ბავშვები ტყეში“ ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლესი მოთხრობაა. ეტვუდის წიგნებში ყველაფერია: ისიც, რაც ქალად ცხოვრების სირთულეს და ხშირად ტრაგედიას განსაზღვრავს და ისიც, რაც ამ ცხოვრების უნიკალურობას განაპირობებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი, დღეს ქალების ხმა ისმოდეს თანამედროვე ლიტერატურაში?
მხოლოდ ლიტერატურაში კი არა, ყველა სფეროში აუცილებელია ქალების გულწრფელი და თავისუფალი ხმის არსებობა, მაგრამ რადგან ლიტერატურა ხშირად ყველა სხვა დანარჩენის ამრეკლავია, სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს ეს მანიფესტიც. თუ გვინდა, რომ თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება შევქმნათ, ეს საზოგადოება მხოლოდ კაცი ავტორების ნაამბობს არ უნდა დავაშენოთ, არც მხოლოდ ქალი ავტორებისას, ცხადია. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთი რაკურსი არსებობდა, საიდანაც ქალები მოჩანდნენ, დღეს ქალი ავტორების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მარტო ბევრი პირადი ამბავი დაგვიგროვდა მოსაყოლი, ყველა იმ ქალის სახელითაც უნდა ვილაპარაკოთ, რომელთაც გასულ საუკუნეებში ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ჩვენს ქვეყანაში მკითხველი რამდენად არის დაინტერესებული თანამედროვე ქალი ავტორებით? როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ისინი რეალისტურად ეხებიან გენდერულ თემებს?
ჩემი აზრით, ქართველ მკითხველს საკმაოდ აინტერესებს თანამედროვე ქალი ავტორები. შეიძლება მამაკაც ავტორებზე მეტადაც. მგონი, პროცენტულადაც თანამედროვე ქალი ავტორი უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მამაკაცი. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაბუდადებული ან წლების განმავლობაში არასწორად აღქმულ-ინტერპრეტირებული თემების ასახვა კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ღირებული და ნამდვილი ლიტერატურის შექმნაა. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ასეა. ამ პროცესში კი ნებისმიერი რამ, რასაც გააკეთებ, გულწრფელი უნდა იყოს. მაგალითად, გენდერულ თემებზე არ უნდა წერო მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი მწერალი ხარ ან იმის გამო, რომ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციას არ ჩამორჩე. საერთოდ არაფერზე არ უნდა წერო ტენდენციისთვის ფეხის აწყობის სურვილით. მკითხველი ხელოვნურობას ყოველთვის ამჩნევს და ასეთი ავტორების წიგნებისთვის შესაბამისი განაჩენი გამოაქვს.
R