ავტორი:

საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"

საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge), "ტურისტერი" 2025 წლის 20-21 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „Rooms-ში“ ჩატარდა.

ორი დღის განმავლობაში 300-მდე დამსწრეს საშუალება მიეცა მოესმინათ ტურიზმის სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სიტყვით გამოსვლებისთვის, პანელური დისკუსიებისთვის და თემატური ვორკშოპებისთვის. სამიტის მონაწილეებს შორის იყვნენ: Booking.com, AirDNA, Galt & Taggart, Exely და ა.შ.

სამიტის მთავარი თემატიკა ქართული ტურიზმის მედეგობა იყო. ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრია გარკვეული გამოწვევების წინაშე უკვე დგას, რომლის მთავარი გადაჭრის გზა კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი და გამოსავლის ერთობლივად ძიებაა.

სამიტი დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით და მიგნებებით.

თავის გამოსვლაში Booking.com-ის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნის ტენდენციებზე, თბილისსა და შავიზღვისპირეთში ტურისტის ქცევებზე.

როგორც Booking.com-ის მონაცემები ცხადყოფს, თბილისის სასტუმროებით/განთავსების ობიექტებით 75 % საერთაშორისო მოგზაურები სარგებლობენ, ხოლო 25 % შიდა ტურისტებს უკავია. Booking.com-ის მიხედვით თბილისის განთავსების ობიექტები სტუმრებს ძირითადად შემდეგი ტოპ სამი ქვეყნიდან მასპინძლობს: რუსეთი, გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები , საშუალო გაჩერება 3-7 ღამე . ჯავშნების 80 % სრულდება მობილურით.,

რაც შეეხება ბათუმს, Booking.com-ის მიხედვით მოგზაურების 70 % საერთაშორისო ვიზიტორები არიან. ბათუმის განთავსების ობიექტები სტუმრებს ძირითადად შემდეგი ტოპ სამი ქვეყნიდან მასპინძლობს: ისრაელი, თურქეთი, რუსეთი. საშუალო გაჩერება 3-7 ღამე.

AirDNA -ს პრეზენტაცია საქართველოს მოკლე-ვადიანი გაქირავების მონაცემების ანალიზს დაეთმო. კომპანიის წარმომადგენელმა AirDNA -ს მონაცემებზე დაყრდნობით ტურიზმის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს ანალიტიკური ინფორმაცია გაუზიარა დამსწრეებს. პრეზენტაციის დროს გაანალიზებული იქნა აპარტოტელების ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების ტენდენციები, როგორც ევროპის, ისე საქართველოს მასშტაბით. ასევე, საქართველოს შედარება მოხდა კონკურენტ ტურისტული დანიშნულების ადგილებთან, თურქეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და ა.შ.

როგორც AirDNA-ს მონაცემები ცხადყოფს, საქართველოში აპარტოტელების წლიური დატვირთულობა მზარდია. 2019 წელს წლიური დატვირთულობა 38,8 % იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელი 2024 წელს 46 %-ია. ყველაზე აქტუალური 1 საძინებლიანი აპარტოტელებია. რაც შეეხება მოთხოვნას, ამ კუთხით საქართველო ჩამორჩება მეზობელ თურქეთს და რუმინეთს, თუმცა უსწრებს ბულგარეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

„Galt & Taggart-ის“ პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის და უძრავი ქონების მიმოხილვას დაეთმო.

როგორც „Galt & Taggart-ის“ კვლევები აჩვენებს, 2024 წლისთვის თბილისში სასტუმრო ოთახების რაოდენობა 35,4 %-ით გაიზარდა და 13,443 ოთახი შეადგინა. ამასთანავე, 2024 წელს თბილისში სასტუმროების დღიური საშუალო ფასი შემცირდა დაახლოებით 5 %-ით, თუმცა სტაბილურად შენარჩუნდა დატვირთულობა.

რაც შეეხება ბათუმს, აქ სასტუმრო ოთახების 19.8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა 2024 წელს და სასტუმრო ნომრების რაოდენობამ 7,585 შეადგინა. ბათუმში სასტუმროების საშუალო ფასი შემცირდა, თუმცა სასტუმროების დატვირთულობა გაუმჯობესდა და შესაბამისად შემოსავალი გაიზარდა.

რაც შეეხება უძრავი ქონების მიმოხილვას, როგორც „Galt & Taggart-ის“ კვლევა ცხადყოფს, ბათუმის და თბილისის უძრავი ქონების ბაზრები თვისებრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.

თბილისში ბინის შეძენა ძირითად საჭიროებაზე დაფუძნებით ხდება, ბინის საშუალო კვადრატულობა 70 კვ.მ., ხოლო საშუალო ფასი 92,000 აშშ დოლარია. შენაძენში უცხოელების წილი 10-15 %-ს შეადგენს.

თბილისისგან განსხვავებით ბათუმში ბინის შეძენა ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვის ხდება, შესაბამისად საშუალო ბინის ზომა 40 კვ.მეტრია, ხოლო საშუალო ფასი 59, 000 აშშ დოლარი, უცხოელების წილი შენაძენებში კი 60-70%-ს შეადგენს.

ბათუმში ბინის შეძენით ყველაზე მეტად შემდეგი ქვეყნები არიან დაინტერესებულები: რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და ა.შ.

სამიტის მსვლელობისას ასევე გაიმართა ბიზნეს გამოფენა, რამაც ტურისტერის დამსწრეებს დამატებით ნეთვორქინგის და ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტებთან თუ მაღალი რგოლის მენეჯერებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები მისცა.

ტურისტერის ორგანიზატორები არიან „ტურიზმის ინსტიტუტი“ (www.tourisminstitute.ge) და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი (www.shindi.ge ).“

ღონისძიების შემსრულებელია პროფესიონალური კონფერენციების ორგანიზატორი კომპანია "პომელო" (www.pomelo.ge).

გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა", Guru Holding-ი და Exely.

"ტურისტერის" მედია მხარდამჭერები: Entrepreneur Georgia, BMG Media, Palitra News, Ambebi.ge, IPN.GE, BPN.GE და Batumelebi.

R