2024 წლის 22 მაისს ქვეყანა საზარელმა დანაშაულმა შეძრა - ახალგაზრდა კაცმა, ქალაქ რუსთავის ცენტრში სანადირო თოფით მოკლა მისი 20 წლის მეუღლე, რომელთან ერთადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ცხოვრობდა და სიდედრი. მათ 6 თვის ჩვილი ექიმთან ჰყავდათ მიყვანილი და სახლში ბრუნდებოდნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ამ დროს დედა და მამა უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა. მათთან ერთად იყო, დედის მხრიდან, ბავშვის ბებია. კადრებში, რომელიც საქმის მასალებში იძებნება, კლინიკაში მათი შესვლა ჩანს.
ექიმის დანიშნულების შემდეგ, ისინი შენობას ტოვებენ. ირკვევა, რომ მამა, გიორგი ფირაშვილი იქვე გაჩერებული ავტომობილისკენ მიდის. დედამ, მარიამ სოფრომაძემ და ბებიამ, ინგა ბეგაშვილმა 6 თვის ბიჭი სკვერში ეტლით წაიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთში, მათ უკნიდან სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ფირაშვილი მიეპარა და სროლა დაიწყო.
ბავშვი უვნებელი გადარჩა. დედა და ბებია კი, მიწაზე უსიცოცხლოდ დაეცნენ.
დამნაშავემ პოლიციაში თავად დარეკა, მაგრამ როგორც შემზარავი შემთხვევის თვითმხილველები იხსენებენ, ბავშვთან არც კი მისულა. სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, ჩვილის დამშვიდება სკვერის დასუფთავების თანამშრომლებმა შეძლეს. თვითმხილველები "კურიერი P.S.-ს" უყვებიან, რომ დამნაშავე შვილს ჩადენილი მკვლელობის შემდეგ არ მიახლოებია.
გიორგი ფირაშვილმა სასამართლოში აღიარების პოზიცია დუმილით შეცვალა. მას უვადო პატიმრობა ჯერ რუსთავის სასამართლომ მიუსაჯა, განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ უმკაცრესი მსჯავრი ძალაში დატოვა. ეს იყო გარდაცვლილების ოჯახის მოთხოვნაც.
“დიდი ტრაგედია მოხდა. მოტივი არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი შვილი დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამაზე პასუხი ჰქონდეს. ფსიქოლოგიურად ვერ არის... მე არ ვამბობ, რომ მატო ჩემთან უნდა გაიზარდოს. მე ვამბობ, რომ ორივე ოჯახში, როგორც - აქ, ისე იქ. მეურვეობა მე მსურს, სახელმწიფოსგან არაფერს არ ვითხოვ, უბრალოდ მე მაქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი გავზარდო. მივცე მას კარგი განათლება,“ - აცხადებს ბრალდებულის მამა.
იხილეთ ასევე: