ავტორი:

"აზროვნების უნარი წამერთვა...თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო" - 100-ზე მეტი გარდაცვლილი, დანგრეული სახლები: ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა: რა მოხდა 1987 წელს საქართველოში?

"აზროვნების უნარი წამერთვა...თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო" - 100-ზე მეტი გარდაცვლილი, დანგრეული სახლები: ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა: რა მოხდა 1987 წელს საქართველოში?

წელს საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, თოვლმა და გურია-აჭარაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ადამიანებს 38 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი სტიქია გაახსენა. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები იმდროინდელი სტიქიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს აზიარებდნენ.

"1986 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოს მთაში თოვდა, თოვლის სიმაღლემ ზოგან 10 მეტრს გადააჭარბა. ბევრი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა და გზები ჩაიკეტა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, კავშირგაბმულობა...

  • 1987 წლის 9-დან 31 იანვრამდე კი სვანეთში 331 ზვავი ჩამოწვა,“ - ასე იწყება დოკუმენტური ფილმი, რომელიც 38 წლის წინანდელ სტიქიის მძიმე ამბებსა და უნიკალურ კადრებს ასახავს.

კადრი სტიქიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან

ფილმიდან ვიგებთ, რომ მარტო ერთმა ზვავმა, რომელიც თავს დაატყდა სოფელ მულახს, 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა... მთავრობამ შექმნა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია, დაიწყო მოსახლეობის საჭირო პროდუქტებით თუ საგნებით მომარაგება და ზვავსაშიში ადგილებიდან მათი ევაკუაცია...

სტიქიურმა უბედურებამ საქართველოს 33 რაიონი მოიცვა. დაიღუპა 92 ადამიანი, 1700 სასოფლო-სამეურნეო შენობა და ნაგებობა, ფერმები, საავტომობილო გზები, 1600 კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის ენერგოხაზები, სკოლები, ბაგა-ბაღები, კლუბები, მაღაზიები. სტიქიური უბედურებით მიყენებულმა ზარალმა 500 მლნ მანეთი შეადგინა. ამ თემაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ავტორები დასძენენ, რომ შუა საუკუნეში აშენებული 32 სვანური კოშკიდან ერთიც არ დანგრეულა. როგორც ჩანს, ძველმა სვანებმა ზვავებთან დახვედრა იცოდნენ.

გაზაფხულზე კი თოვლის დნობისგან გამოწვეულმა მეწყრებმა რაჭაში, ცაგერისა და დუშეთის რაიონებში სოფლები წალეკა და კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

  • გახიზნული მოსახლეობის ნაწილი ჩაასახლეს - მარნეულში, დმანისში, ბოლნისსა და საგარეჯოს რაიონებში. ფილმი 1987 წლის იმ უმძიმესი დღეების საოცარი მატიანე და მძიმე დღეების გახსენებაა... ქვეყანას არ დაჰკლებია თოვლი, ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი თუ წყალდიდობა.

1987 წლის სტიქიით დაზარალდნენ: დუშეთის, ჯავის, ახალგორის, ოზურგეთი, სამტრედიის, ზესტაფონის, აბაშის, ფოთის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, განსაკუთრებით ხობისა და ლენტეხის, ყველაზე მეტად კი, მესტიის რაიონები... დიდი განსაცდელი დაატყდა მესტიის რაიონში მულახის, უშგულის, ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას.

სტიქიის შედეგები საგანგაშო იყო, საერთო ჯამში, მეწყრითა თუ ზვავით, დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაიტბორა 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე ათასეული საცხოვრებელი სახლი. არაერთი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმო... სტიქიას შეეწირა აზერბაიჯანელი ახალგაზრდა, 20 წლის რაჰიბ მამედოვი. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად 10-ობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. რაჰიბ მამედოვი აზერბაიჯანიდან იყო, ჯარისკაცი, რომელიც 1987 წლის 2 თებერვალს ხობში დაიღუპა.

ფოტოები წიგნიდან - "სტიქია და ადამიანები: გმირობის დღეები"

იმ პერიოდში სამხედრო სამსახურს საქართველოში, ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ნაწილში გადიოდა. სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის თემში მომხდარი წყალდიდობის დროს და 28 ადგილობრივი მოსახლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.

ფოტო წიგნიდან - "სტიქია და ადამიანები: გმირობის დღეები"
  • აღნიშნულ ფილმში ასევე ვისმენთ სვანეთის დაზარალებული მოსახლეობის წუხილს, გულისტკივილს, იქვე გაისმის საყვედურებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ სათანადო და დროული ყურადღება არ ექცევათ, რომ მომზადებული არ შეხვდა სტიქიას ქვეყანა, რომ სტიქიის შემდეგ ქვემო ქართლში ჩამოსახლებულები უყურადღებოდ არიან და სხვა...

მოკლედ, 1987 წელს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა...

***

  • იმ ხანად საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მან სვანეთის ტრაგედია თავის წიგნში - "ოცდასამი წლის შემდეგ“ აღწერა.

"ყველაზე მეტად, ადამიანი საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას სტიქიის უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია. უხვთოვლიანობა საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ იმ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუდაურის ახალგახსნილ სამთო-სათხილამურო კომპლექსში მოზარდთა ოცკაციანი ჯგუფი გარე სამყაროს მოწყდა. ვერტმფრენით გადავფრინდით გუდაურში, ბავშვები იმავე ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ფასანაურში გადმოვიყვანეთ და მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ.

ფოტო წიგნიდან - "სტიქია და ადამიანები: გმირობის დღეები"

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, ფასანაურშივე შემატყობინეს, რომ სვანეთში დიდთოვლობამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თბილისში აღარ დავბრუნებულვარ, ფასანაურიდან პირდაპირ სვანეთში გავფრინდით. იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა... გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე.

ტკივილის სიტყვებით გამოხატვა ვერც მაშინ შევძელი და ახლაც, წლების შემდეგაც მიჭირს. სვანეთის ტრაგედია არ ყოფილა აღქმული როგორც ერთი რესპუბლიკის, ერთი კონკრეტული რეგიონის ტრაგედია, მან საკავშირო ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. რიგითი ადამიანებიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ყველა დახმარებას ცდილობდა. სამძიმრის და გულითადი თანაგრძნობის დეპეშების მიხედვით, მოგვიანებით რუსულენოვანი წიგნიც გამოიცა, სახელწოდებით "სტიქია და ხალხი“... შეიქმნა სამთავრობო კომისია და იმავე წელს, გაზაფხულიდანვე დავიწყეთ სტიქიით დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

ასეულობით სახლი და 18 ახალი სოფელი აშენდა. სვანები, ძირითადად, ქვემო ქართლში, საგარეჯოს რაიონში და წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავასახლეთ, კომპაქტურად. დმანისის რაიონში, სადაც პრაქტიკულად, არაქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, ავაშენეთ ახალი ქართული სოფელი თავისი ადმინისტრაციული პუნქტით, საბავშვო ბაღითა და სკოლით. "აღორძინების“ გახსნა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა, თბილისიდან საკმაოდ სოლიდური დელეგაციით ჩავედით, სახალხო ზეიმში არა ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ, მწერალმა, მეცნიერმა თუ მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაშინაც კი, ახალმოსახლეობის საზეიმო ვითარებაში, მეხსიერებიდან არ ამომდიოდა ის დღე - სვანეთის პირქუში, დათოვლილი მთები, ტკივილისაგან გახევებული მამაკაცები და თოვლზე ლოყებღაჟღაჟა ბავშვებისა და უმწეო ქალების ჩამწკრივებული ცხედრები... ჩემს ფოტოგალერეას შემორჩა ის კადრები... მართალია, მათი შეხედვა ყოველთვის გულს მიმძიმებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ფურცელია და მას ვერც საკუთარი ბიოგრაფიიდან ამოხევ“ - ასე იხსენებს თავის წიგნში იმ საშინელ დღეებს ჯუმბერ პატიაშვილი