დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამ საკითხს პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:
ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო, ციხეში, ცხადია, ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.
სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.
ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში - არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.
შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა".
შეგახსენებთ, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. ამასთან, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მათ შემზღუდავი ღონისძიებების შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას 5-ჯერ მიმართეს, თუმცა, ის დაუსაბუთებელი მიზეზით, არ დაკმაყოფილდა.აღნიშნულთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარე მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა და უთითებდა ბრალდებულის კავშირებზე საზღვარგარეთ. პროკურორმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დასძინა, რომ ბაჩიაშვილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც.