"აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება?", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის…
მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა. და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება…
დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება და ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან,” - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.
“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს; ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია… გერმანიის სამომავლო კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე… რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში,” - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობა “სავარაუდოდ ევროპული ძალების განლაგებით დადგება”, რომლებიც “არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ”.
მან აღნიშნა, რომ უნდა იყოს “გეგმა მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის… რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად”.
“მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება,” - განაცხადა მაკრონმა.