“თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს დისტანციურად დაესწრება.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლეს დეტალურ ჩვენებას მისცემს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
“სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს და იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს. სასამართლო კი რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ადგილმდებარეობა უცნობია, ტექნიკურად პრობლემა ვერ იქნება, რადგან ეს ელექტრონულად მოხდება. მოსამართლე ვალდებულია ჩვენს მიერ წაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული და თან გვქონია პრეცედენტები, როდესაც გამოსაკითხმა პირებმა სასამართლოს ჩვენება ონლაინ რეჟიმში მისცეს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება, გამორიცხული არ არის ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს, თუმცა გიორგის ბაჩიაშვილს სხვა ბრალთან მიმართებაში პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ამიტომ მეორედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის დაყენების საფუძველს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა. მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი, პირადობა, ასევე აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე. სადრაძის თქმით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.
რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევის გამო, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე - "მტკვარი ჰესის" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული. ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად გუშინ შეეფარდა.
იხილეთ ასევე: