რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოსახლე, დაშავებულია 31 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოში გადაიყვანეს, 14 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სასტუმროს გარდა, დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, თითქმის 20 მანქანა, კულტურული დაწესებულება და 12 მაღაზია.
მაშველები ნანგრევების გაწმენდას ამ დრომდე აგრძელებენ.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 68 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 112 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 68 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 43 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.