ავტორი:

74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

მეჰდი იარაჰი, ცნობილი ირანელი მომღერალი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის და ითხოვს, რომ მათ თავისუფლად ჩაცმის შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაროზგეს. მან 74 როზგი მიიღო.

გაროზვა სისხლის სამართლის საქმის გარიგების ნაწილი გახდა.

იარაჰი თავდაპირველად 2024 წლის იანვარში გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში გამოუშვა საპროტესტო სიმღერა, "შენი თავსაბურავი" (Roo Sarito), რომელიც მოძრაობის - "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ ერთი წლისთავს მიეძღვნა.

იარაჰს მოგვიანებით სასჯელი შეუცვალეს და ციხეში ყოფნის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და გაროზგვა მიუსაჯეს.

  • იმ დროისთვის, იარაჰიმ X-ზე დაწერა: "მზად ვარ 74 როზგის მისაღებად და მიუხედავად იმისა, რომ ამ არაადამიანურ წამებას ვგმობ".

გაროზგვის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ადვოკატმა, ზაჰრა მინუეიმ გაავრცელა.

მინუეიმ X-ზე დაწერა, რომ თეირანის რევოლუციური სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

  • იარაჰიმ კი Instagram-ზე დაწერა: "ჩვენი ქვის გასატეხად შუშა მოგიტანიათ. მადლობა მხარდაჭერისთვის, ძვირფასებო და მადლობა ჩემს პატივსაცემ ადვოკატებს, მუსტაფა ნილისა და ზაჰრა მინუეის, გულწრფელი თანადგომისთვის. ვინც მზად არ არის თავისუფლების ფასის გადასახდელად, ის თავისუფლების ღირსიც არ არის. გისურვებთ თავისუფლებას.“

შუა საუკუნეების დასჯის მეთოდის ამ აქტმა ირანში მასობრივი აღშფოთება გამოიწვია.

"მეჰდი იარაჰის დასჯის აღსრულება ირანელი ქალების მხარდაჭერისთვის შურისძიებაა. მეჰდის სხეულზე ეს დარტყმები ირანის ამაყი, მედგარი ქალებისკენ და მათი ძლიერი სულისკენ არის მიმართული", - წერს "ინსტაგრამზე" ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი.

როგორც ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency იტყობინება, 2024 წელს ირანის სასამართლო სისტემამ სულ მცირე 131 ადამიანს შეუფარდა გაროზგვა.

წყარო