უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე საგანგებო შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე, ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გეგმას და ევროპის "გადაიარაღების" საკითხს განიხილავენ.
“მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს, მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და კარგია, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
“არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე“, - განუცხადა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე.
ბირთვულ შეკავებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დანიის პრემიერმა უპასუხა:
“ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ასე რომ, მაგიდის გარშემო არსებული ყველა კარგი იდეა ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.
“ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ახლაც და მომავალშიც, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტია და რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანასთან ერთად“, - განაცხადა კოსტამ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე.
“ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია და უკრაინა, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, გარდატეხის წერტილია. ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
“ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვა და ხანგრძლივი დისკუსიების გამართვა მკაფიო შედეგის გარეშე“, - აღნიშნა ნაუსედამ.
მისი თქმით, საჭიროა მოქნილი მიდგომა ფისკალური დეფიციტის წესებში თავდაცვის ხარჯების მიმართ და მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოების შესახებ მაკრონის იდეის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ნაუსედამ უპასუხა: “ნამდვილად, ძალიან სერიოზული შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მიმართ“.
ამასთან, ნაუსედას თქმით, საჭიროა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პირობითი თარიღის განსაზღვრა. მისი განმარტებით, ეს არ იქნება სამართლებრივი განსაზღვრა, მაგრამ იქნება პოლიტიკური ვალდებულება უკრაინის მიმართ გაწევრიანების “გზის დასახვით და მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების გაგზავნით“.
კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს.
“ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს“, - განაცხადა კაია კალასმა.