პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გასვლა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყოს ორგანიზებული.
ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.
"მეც მქონდა ეგეთი ეპიზოდი. წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს შინაპატიმრობაში ამიყვანეს. მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი. ერთხელ მომიწია კონფერენციაზე წასვლა, გამოვედი სახლიდან და დავინახე მანქანაში ეძინათ სოდის თანამშრომლებს. არ გავაღვიძე. წავედი. ორი დღე ისე იდგნენ იქ, ეგონათ რომ სახლში ვიყავი. ორი დღის შემდეგ, რომ ჩამოვედი და სახლში მივედი ტაქსით, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ეს კურიოზული მომენტი იყო.
თუმცა ბაჩიაშვილის შემთხვევაში ბევრად უფრო სერიოზული სპეცოპერაცია ჩატარდა მისი გასვლის. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული ეს. ბაჩიაშვილი სერიოზული აქტივია, "ოქროს მოწმე". ბიძინას კომპრომატების მფლობელია. ბაჩიაშვილი იყო თანაინვესტირების ფონდის დირექტორი. ამ ფონდის გავლით, ბევრი ოპერაცია ტარდებოდა, ხორციელდებოდა ტრანზაქციები. ასე, რომ ბაჩაშვილი ფლობს სერიოზულ კომპრომატებს რაც ბიძინას დასანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს, ან კრიმინალში ეჭვმიტანილიც შეიძლება გახადოს" - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.
"2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ - შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.
შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის - დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.