"ბიზნეს-ტრენერი ვარ და საქართველოში გაყიდვების სფეროში ნომერ პირველი ტრენერი. აქამდე რომ მოვსულიყავი, რთული გზის გავლა დამჭირდა. ბევრს ვსწავლობდი და ხვდებოდი, რომ სწავლა გვიან არასდროს არის... იყო ბევრი იმედგაცრუება, სამსახურიდან გამოშვებაც, ამას რომ ვყვები, თვითონვე მეტირება... ჩემს ცხოვრებაში მომხდარი უმძიმესი ამბების გამო 2-ჯერ სუიციდის მცდელობაც მქონდა. მაგრამ გადავრჩი" - გვეუბნება სოფია გოლეთიანი.
მისი ამბის მოსმენით გაოცდებით, წარმოუდგენელია, რამდენ ტკივილს გაუძლო. ძალიან ძლიერი ქალია და მისი მაგალითი შესაძლოა, არაერთ ადამიანს გამოადგეს კიდეც... სოფია გოლეთიანმა ბოლო დროს ნაბიჯი პოლიტიკისკენაც გადადგა, ის "კოალიცია ცვლილებიდანაა", კერძოდ, პარტია "ახალის" წევრი:
- აფხაზეთის ომამდე, 1991 წელს, ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი ფაქტი მოხდა. დედა გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა - 36 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოხვდა. იმ წელს 14 წლის გავხდი, ჩემი და 12 წლის იყო. ავტოკატასტროფა სამეგრელოში მოხდა, დედა საჭესთან იჯდა, რომელსაც მანქანის მართვის დიდი სტაჟი ჰქონდა. მას "კამაზით" ახალგაზრდა ბიჭი დაეჯახა... ქალი ტრასაზე 1991 წელს იშვიათობა იყო, ეტყობა, იფიქრა, ქალ მძღოლს როგორღაც ჩაუქროლებდა, მაგრამ ვერ მოზომა... დედა დაიღუპა... ჩემი ცხოვრება იმის მერე ამოყირავდა. მოვიხსენი ჯვარი, რომელიც მეკეთა და ღმერთთანაც გავუცხოვდი, გავხდი სევდიანი...
- და როგორც ვიცი, სუიციდის მცდელობაც გქონდათ...
- კი... როცა დედა დავკრძალეთ და სახლში მოვბრუნდი, საშინელი სიჩუმე დამხვდა. არავინ აღარ იცინოდა, აღარ ისმოდა ხმები... მოკლედ, თავის მოკვლის მცდელობა მქონდა, მაგრამ ჩემი პატარა დის სიყვარულმა გადამარჩინა. იმ წუთას ის ჩემთან ერთად არ იყო, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, მისთვის ეს რამხელა ტრავმა იქნებოდა, გავჩერდი... ჩემი და ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატია. დედა რომ გარდაიცვალა, მას ფოთში ტურნირი ჰქონდა, ჩემპიონი ხდებოდა და დედის გარდაცვალების შესახებ არ უთხრეს... დღემდე ამბობს, რომ ის ართქმა მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იყო... თურმე გარშემო საოცარი თვალებით უყურებდნენ, ის ამის მიზეზს ვერ ხვდებოდა, რადგან არაფერი იცოდა...
- რა ბედი ეწია ბიჭს, ვინც დედას "კამაზით" დაეჯახა?
- დაიჭირეს, მაგრამ ერთ წელიწადში აფხაზეთში ომი დაიწყო. ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ კიტოვანმა ბრძანება გამოსცეს - ყველა პატიმარი გათავისუფლდა... მე არავინ მითხრა, რა ერქვა იმ ადამიანს და დღემდე არ ვიცი.
- მამას ემადლიერებით - გვერდში დამიდგაო...
- ცდილობდა, ის ტკივილი შეემსუბუქებინა. საერთოდ კარგად ვწერდი და გადავწყვიტე, ჩემი სცენარით ფილმი გადამეღო. მამას ვთხოვე, დავეფინანსებინე, რადგან სკოლის მოსწავლე ვიყავი და საკუთარი ფინანსები არ მქონდა. წავედით აფხაზეთის ტელევიზიაში, ვიპოვეთ კინოოპერატორი, არ იყო ეს პატარა თანხებთან დაკავშირებული, მაგრამ მამამ ეს გამიკეთა. მთელი წელი გადარჩენის პერიოდი მქონდა, ამისთვის გზას ვეძებდი. დავიწყე პერსონაჟების მოძებნა. სკოლებში დავდიოდი, ხალხმა დამიჯერა. იმ ადამიანებისგან ფილმისთვის საოცარი ჯგუფი შევკრიბე. მასწავლებელიც კი თამაშობდნენ. სცენარს ერქვა „როცა მთავრდება ბავშვობა,“. პოეტი ბიჭის ცხოვრებაზე იყო, მაგრამ პოეტი გოგოს ცხოვრებაზე გამოვიდა და ის გოგო მე ვიყავი. 1992 წელს 14 აგვისტოს ზღვის სანაპიროზე ვიყავით, ოპერატორი კამერით მუშაობდა, სცენებს ვიღებდით და უცებ კვამლი დადგა, ხალხი მორბოდა, ისტერიკაში იყვნენ, რა ხდებაო, რომ ვიკითხეთ, - ომი დაიწყოო... ვინ სად გავრბოდით, არ მახსოვს, მიმოვიფანტეთ. სახლში გადატყავებული მუხლებით მივედი... ასე დაიწყო ომი აფხაზეთში. ჩემი სცენარი, ის გადაღებული მასალა იმ ოპერატორს დარჩა... იმის მერე ის კაცი აღარც მინახავს...
- ომის დაწყების შემდეგ მოვლენები თქვენს ოჯახში როგორ განვითარდა?
- თბილისში იმ ტანსაცმლით ჩამოვედით, რაც ზედ გვეცვა. სოხუმში ჩემი გამზრდელი ბებია დარჩა. მამა, ჩვენს სანახავად ჩამოსვლას როცა ახერხებდა, ჩამოდიოდა... მამა მათემატიკოსია, მეცნიერ მუშაკი, პროფესორი, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ასწავლიდა და ბებიას ვერ დატოვებდა. ომის მანძილზე სოხუმში იყო... როცა 1993 წლის სექტემბერში შერიგების პერიოდი დაიწყო, ზავი რომ დადეს, მე აქ უკვე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. მამა თბილისში ჩვენს წასაყვანად ჩამოვიდა. სოხუმში დედის მშობლებს დედაჩემის საფლავზე უნდა გავეყვანეთ, მაგრამ რაღაც არეული სიტუაცია იყო. ბიძაჩემმა, დედაჩემის ძმამ, რომელიც უშიშროებაში მუშაობდა, თქვა, მოდი, ბავშვები საფლავზე ხვალ გავიყვანოთ. ის „ხვალ“ აღარ დადგა. ბიძაჩემი მოვიდა და ბავშვებო, ვტოვებთ სოხუმსო (თვითონ რჩებოდა) - გვითხრა. თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანეთ. მე, ჩემი და და 2 წლის ბიძაშვილი, ბიძაჩემმა მამაჩემს ჩააბარა. უნდა გაფრინდეთო.
- საოცარი განცდები გექნებოდათ...
- ის აფრენა საშინელება იყო. თვითმფრინავში ვერ ავდიოდით, ასაფრენ ბილიკს ბომბავდნენ. ხალხი კიოდა, ისტერიკა იყო. იმ თვითმფრინავით მიცვალებულებიც გადმოჰყავდათ, საშინელი სუნი იდგა, ყოველ წუთას გვეგონა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. ქუთაისში თვითმფრინავმა შუქი რომ აანთო, ხალხმა კივილი, ღრიალი დაიწყო, რომ გადავრჩით...
- ბებია დარჩა სოხუმში?
- ჩემი გამზრდელი ბებია მარია სტეპანოვნა ტაბალოვა - ბელორუსისა და უკრაინელის ნაზავი გახლდათ. ამბობდა, რომ მას ხელს იქ არავინ მოჰკიდებდა და ჩვენ ყველანი უკან დავბრუნდებოდით. სახლს არ ტოვებდა. დედის მშობებმაც დედაჩემის საფლავი არ მიატოვეს. მერე კი ისე მოხდა, რომ ისინი მეზობლებმა თბილისში იმავე წელს, ნოემბერში გადმოიყვანეს... „წითელი ჯვარი“ ავლაბარში იყო, სადაც კვირაში ერთხელ მივდიოდი და მარია ბებოსთვის დაწერილი წერილს ვაბარებდი. ვწერდი, ვეხვეწებოდი, რომ წამოსულიყო. მისგანაც მომდიოდა პასუხი, კარგად ვარ და იმედი მაქვს, აუცილებლად დაბრუნდებითო... ერთ დღესაც მისგან წერილი აღარ დამიბრუნდა. დიდხანს მიმალავდნენ, რომ ბებო აღარ იყო. მეზობლებმა ის ჩვენი სახლის ეზოში დაკრძალეს. ამდენი წელია, ის ეზოშია და გველოდება... სულ მესიზმრება...
- გაგიჭირდათ თბილისში დამკვიდრება, დევნილობის წლები?
- რთული იყო. თავიდან მამის ნათესავის სახლში, ერთ ოთახში ვიყავით, მერე ქირით გადავედით. მამამ ცოტაოდენი საგვარეულო ოქრო წამოიღო, რაც დედამისს ჰქონდა. ჩემთვის დაუვიწყარია მამაჩემის თვალები, როდესაც თბილისში ეტაპობრივად იმ ოქროს ყიდდა. თავადი ყიფიანების საგვარეულო ოქროს სამკაულები ასე იყიდებოდა. მამას ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სხეულიდან რაღაც სანუკვარს იგლეჯდა. რა ექნა, ორ პატარა გოგოს პატრონობა უნდოდა... თუ ჩემი და წვიმაში, ან თოვლში სკოლაში მიდიოდა, იმ დღე უნივერსიტეტში მე ვერ მივდიოდი, რადგან ფეხზე ჩასაცმელი არ მქონდა... არადა, სოხუმში ისე ვცხოვრობდით, ფანჯრიდან ხიზილალიან პურს რომ ვაგდებდი, ვუყურებდი, ჩემი ძაღლი "ტუზიკა" დაიჭერდა თუ არა. აქ 10 ზომით, გამონაცვალ პალტოს ვიღაც რომ მომიტანდა, ვცდილობდი, როგორმე გადამეკეთებინა... დევნილობის მოწმობა რომ მომცეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ იმგზავრებო, - იმ დღეს მოვკვდი. იმ ტკივილმა მე და ჩემს დას მხოლოდ სიყვარული გვასწავლა. ჩემმა დამ იცის ხოლმე თქმა - სარკესთან რომ დადგები და ფიქრობ, ბოტასთან რომელი კოსტიუმი შეარჩიო, რომელი ჩანთა დაიკიდო, გაგახსენდეს, რომ სადღაც პატარა რუსო და სოფო არიან, რუსო, ვერ მიდის სკოლაში, რადგან სოფოს გამოცდა აქვს და ერთადერთი ფეხსაცმელი უნდა ათხოვოს... ისიც ვისწავლეთ, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება უნდა გასცე, რადგან ყველაფერი წარმავალია და რომ მთავარი მხოლოდ ჯანმრთელობაა...
- თქვენს ცხოვრებაში იყო ნაადრევი ქორწინებაც, ხომ?
- კი, 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, 19 წლისას უკვე 2 შვილი მყავდა... მოკლედ, ქორწინება არ შედგა, ალბათ გარკვეულწილად იმ მძიმე წლებმაც ბევრი რამ განსაზღვრა... ძალიან რთულია, როდესაც ქალი მეუღლისგან წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებს. საზოგადოების განკითხვას და განსჯას თავი რომ დავანებოთ, ისმის კითხვა - შეძლებს კი შვილებისთვის დამოუკიდებლად იმ ყველაფრის მიცემას, რასაც იმ ოჯახში მისცემდნენ?! მაგრამ არსებობს რაღაც წერტილი, სადაც რაღაცები მთავრდება. ამ გადაწყვეტილებამდე აშშ-მ მიმიყვანა, სადაც 2003 წელს ჩემს დასთან ერთად ვიყავი. იმ მეგაპოლისში მომწიფდა აზრი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი დრო მოვიდა. უკან დაბრუნებულმა ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა...
ჩამოვედი და სამსახურის ძებნა დავიწყე. ბანკები განვითარებას იწყებდნენ, 2004 წელს ერთ-ერთ ბანკში სტაჟიორად მივედი. 2025 წელს იქ უკვე მუშაობა დავიწყე და ეს ის დრო იყო, როცა 2 პატარა ბიჭთან ერთად ოჯახიდან წამოვედი. ვიცოდი, ეს ნაბიჯი გადამარჩენდა. ასე დაიწყო ჩემი სვლა კარიერულ კიბეზე... მას მერე რამდენიმე სამსახურიდან წამოსული კადრი ვარ, ბევრჯერ დავეცი და წამოვდექი... მერე ყველა ძალას მოვუხმე და მაგისტრატურის მიმართულებით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმ დღიდან დღემდე არ გავჩერებულვარ. ამ მიმართულებით სადოქტოროც დავიცავი და დღეს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ვარ. სწავლის პერიოდი ურთულესი იყო, რადგან სწავლის გარდა უამრავი საზრუნავი გახლდათ - პატარა შვილები და ა.შ.
- შვილებზე რას გვეტყვით?
- გაიზარდნენ ბიჭები, - ერთი ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს, მეორემ თბილისში დაამთავრა და მუშაობს... მამა 86 წლის არის, რომელმაც 2 გოგოსთვის თავი გადადო, მეორედ არ დაქორწინდა. დიდი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. შვილების აღზრდაშიც მეხმარებოდა. ახლაც ჩემს შვილს დისტანციურად მათემატიკაში ამეცადინებს. ზის მუშაობს, თარგმნის... მე ბევრი ვიწვალე და დაუმსახურებლად არაფერი მიმიღია. ცხოვრებაში მხვდებოდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ჩემი დაიჯერეს. ჩემი ცხოვრების კრედო წინ ყურებაა და არა უკან.
- დღეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ხართ, პარტია „ახალის“ წევრი. წინასაარჩევნო პერიოდში, დასავლეთ საქართველოში კარდაკარ აქტიურად დადიოდით, როგორც დევნილი, მათი საკითხებით იყავით დაკავებული. რა მდგომარეობა იყო რეგიონებში?
- დევნილებთან საუბრებში ერთ რამეს მივხვდი, რომ ადამიანები 12 წლის შემდეგ, მზად არიან ცვლილებისთვის... რუსული ხელისუფლებისგან გაყალბებას, რაღაც დოზით ველოდით, მაგრამ ასეთი მასშტაბისას არა. ეს არჩევნები ყველა მონაცემით წაგებული ჰქონდათ... არჩევნების წაგება ადამიანებში დიდი უიმედობის სხივი აღმოჩნდა და იფეთქა პროტესტმა, თუმცა ამის წინა პირობა „რუსული კანონი“ იყო... ბოლო სამი თვეა, როგორც ოპოზიციური პარტია „ახალის“ წევრს, გუნდთან ერთად, ერთი დღეც არ ჩამიგდია, სულ ქუჩაში, ხალხთან ერთად ვიყავი.
ხშირად გვეუბნებიან, ოპოზიცია სუსტია და ა.შ. ოპოზიციურ პარტიებს პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, დაუღალავი შრომით სააშკარაოზე გამოვიტანეთ ის უსამართლობა, რაც არსებულმა რეჟიმმა ჩაიდინა... აქტიურობა არ შეგვწყვეტია... აქციაზე ადამიანების რაოდენობას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარი უწყვეტობაა. ხალხმა ზუსტად იცის, რა უნდა. ხოლო პროცესს, რაც ახლა მიმდინარეობს, ტერორს დავარქმევ ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად ავტოკრატიული რეჟიმის მარწუხების მთლიანი გამოყენება ხდება. ვა-ბანკზეა ხელისუფლება წასული, აბსოლუტურად მოწყვეტილია მსოფლიოს ორბიტას... როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, როგორც ცდილობენ მედიის დახშობას, როგორ იჭერენ ახალგაზრდებს, როგორც უნდათ, კანონებს ისე ჭრიან და კერავენ. გარუსების პროცესი უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე ბელორუსში... მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ რუსები არ ვართ, ქართველები ვართ! ჯარიმებს წერენ და აქციაზე მაინც გავდივართ, გვირტყამენ და მაინც ფეხზე ვდგებით... ისეთი ერი ვართ, რომ გაჭირვებაში ვერთიანდებით.
- თითქოს ქუჩა ისეთი აქტიური აღარ არის...
- პროტესტი ახლა ოდნავ დაპაუზებულია. მსოფლიოში გეოპოლიტიკური პროცესების გადალაგება ხდება და ეს ტრამპის მოსვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა. სამწუხაროდ პატარა ერი ვართ და პარტნიორების დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. დაპაუზება იმას არ ნიშნავს, რომ პროცესები კვდება, უბრალოდ ახლა წინა პლანზე მსოფლიო სხვა ამბები წამოვიდა. თუმცა არ გვძინავს, რუსთაველის გადაკეტვა მამოძრავებელი ძარღვია. როცა პარლამენტში ლეგიტიმაცია არ გვაქვს, ქუჩა ხდება ლეგიტიმური ორგანო, სადაც არის ხალხის ერთობა.
- რა არის გამოსავალი?
- როცა ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის, ეს ნიშნავს, რომ სულს ღაფავს... ხალხს 2 მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახალი არჩევნების ჩანიშვნის ალბათობას უტყუარად ვხედავთ. როგორც კი უკრაინის პრობლემა დალაგდება, ევროპაც და ამერიკაც საერთო ენას გამოძებნის. თავისთავად ასე იქნება. რუსეთის დასუსტება გარდაუვალი ამბავია. ჩვენ მუშაობა ახალი არჩევნებისთვის დაწყებული გვაქვს, უკვე ვემზადებით. მჯერა, რომ წელს ახალი არჩევნები იქნება. ამას მოჰყვება პროცესები და ბიძინა ივანიშვილს, უნდა თუ არა, მოუწევს გადახედოს რაღაცებს და დათმობაზე წავიდეს. ის სხვანაირად ვერ შეთანხმდება ვერც ევროპასთან და ვერც ამერიკასთან. მჯერა, საქართველო ნამდვილი მშვიდობიანი ქვეყანა იქნება, რაც ჩემთვის, როგორც დევნილისთვის შინ დაბრუნების გარანტია გახდება. საქართველო არის ევროპის ნაწილი... პოლიტიკაში ბევრი ახალი სახე უნდა გამოჩნდეს. იმისიც მჯერა, რომ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად მოხდება. ასე რომ, ახლა ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. ოპტიმისტი ვარ - კი, სიმართლე ჩვენს მხარეზეა.