ავტორი:

თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ

თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არაერთი ქალი-ავტორი გამოჩნდა, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს ახალგაზრდა მკითხველის სიყვარული და ბესტსელერის ავტორები გახდნენ. მათი წიგნები ახალგაზრდა მკითხველს საინტერესო ისტორიებით იზიდავს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ ავტორს, რომელთა ნამუშევრებიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს საკითხავ სიაში.

ნათია ჯაგოდნიშვილი – სასიყვარულო ისტორიების ოსტატი

ნათია ჯაგოდნიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ავტორია, რომელიც „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებული გახლავთ. მისი შემოქმედება გამოირჩევა ძლიერი დრამატული ხაზითა და ემოციური სიღრმით. ავტორის რომანები „ცდუნება“, „შეცდომა“ და „გადამწვარი ხიდები“ მკითხველს ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, შეცდომებზე და გადატანილ ტკივილზე მოუთხრობს. ნათია თავის პერსონაჟებს რეალური პრობლემების წინაშე აყენებს და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცხოვრების შეცვლა და უკეთესი მომავლის შექმნა.

თათული ღვინიანიძე –ბესტსელერების ავტორი

თათული ღვინიანიძე წიგნების - „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორია, რომლის წიგნებიც გაყიდვების რეკორდებს ამყარებს. 2017 წელს ის გახდა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებული. მისი რომანები მკითხველს სიღრმისეულად აცნობს ადამიანის შინაგან ბრძოლებს, მენტალურ ჯანმრთელობას, ბავშვობის ტრავმებსა და პიროვნული განვითარების პროცესს. თათული ასევე აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში, ატარებს ტრენინგებს შემოქმედებით წერაში და თავის ნაწარმოებებში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ თემებსაც განიხილავს.

ოლანი ბიწაძე – ფანტაზიისა და რეალობის ზღვარზე

ოლანი ბიწაძე ახალგაზრდა ავტორია, რომლისთვისაც წერა ბავშვობიდანვე იყო თვითგამოხატვის საშუალება. იგი ქმნის ისტორიებს, რომლებიც რეალობასა და წარმოსახვას შორის მდებარეობს, ხოლო მის ტექსტებში მკითხველი პოულობს როგორც პირად გამოცდილებებს, ისე წარმოდგენილ, არაჩვეულებრივ სამყაროს. მისი მთავარი პრინციპია: „ლიტერატურა საზრდოობს არა იმით, რაც უკვე არსებობს, არამედ იმით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო“. ის ორი წიგნის ავტორია: „მეორედ მოსვლა“ და „მანიტუ“.

მარიამ გურგენიშვილი – სულიერი ძიების გზაზე

მარიამ გურგენიშვილი 17 წლის ასაკში FLEX-ის პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა, ხოლო მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იურიდიული განათლებისა, მისი გული მუდამ ლიტერატურას ეკუთვნოდა. 2021 წელს „პალიტრა L“-მა გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი „მარგალიტები“, რომელმაც მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა. მარიამი წერს ცხოვრებაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ სულიერ მოგზაურობაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ნინო ჟვანია - მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ

ნინო ჟვანია პიანისტი, მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს როგორც შემსრულებლურ, ისე აკადემიურ და საგანმანათლებლო პროცესებში. იგი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია და სტუდენტებს სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულებით ამზადებს.

ნინო ჟვანიას „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ ” ქმნის ამბისა თუ სამყაროს ერთიანობის განცდას, რომელსაც განსაკუთრებით აძლიერებს თხრობის არაჩვეულებრივი სტილი და ტექნიკა. ჩანაწერების არსი, როგორც თავად იუწყება ავტორი ტექსტში, ქარის მოძ რაობაშია. სწორედ ამ მოძრაობაში ირხევა და იკვეთება ხშირად შეუმჩნეველი და თან საოცრად საჭირო წვრილმანები, რომელთა დანახვისკენაც გვიბიძგებს ავტორი. აქ მოთხრობილ უამრავ საინტერესო ამბავს, გარდა მოქნილი ენისა, რომელსაც თან სდევს მელოდიურობისა და მუსიკალურობის შეგრძნება, ამშვენებს ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრებიც. სწორედ ამგვარი სინთეზით არის გაჯერებული ტექსტი, რომლის მეშვეობითაც ავტორი მკითხველს სხვადასხვა დროსა და სივრცეში ამოგზაურებს.

ანი ბალიაშვილი - ფსკერზე

ანი ბალიაშვილი გამომცელობა „პალიტრა L“-მა ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ფარგლებში აღმოაჩინა. "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია - მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც - ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.

R