"ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი", - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა შოთა ქარუმიძემ პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
"დედაჩემი არის ცუდად. ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, - განაცხადა ქარუმიძემ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ითხოვდა.
როგორც საქმის პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ქარუმიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
ხახანაშვილის განმარტებით, ასევე დასადგენია დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დაკავებული წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, აუცილებლობას არ წარმოადგენდა უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ის ბრალდებასაც ეთანხმება. ამირხანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაში ლომის წვლილი სწორეს ბრალდებულმა შეიტანა.
ადვოკატმა შოთა ქარუმიძის მიმართ 80 000-ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა.
ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: