ავტორი:

იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს მართავს

იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს მართავს
  • ფოტოზე: საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიზუკა ჰიდეკი

2025 წლის 9 მარტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი გაიმართება. წელს თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან 20-ზე მეტი მონაწილე შეძლებს თავისი ცოდნის დემონსტრირებას, კონკურსის მთავარი თემა კი "სპორტი და მისი გავლენები ქართულ-იაპონურ კულტურაში“ იქნება.

იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდაში (JLPT) მონაწილეობის მსურველთა ინტერესი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ყოველწლიურად იზრდება. მაგ, 2023 წელს მათი რაოდენობა 150 იყო, 2024 წელს კი - 191. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც საქართველოში 1991 წელს იაპონური ენის კურსი დანერგა. ამჟამად საქართველოში იაპონური ენის შესწავლა მსურველებს შეუძლიათ არა მხოლოდ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონური ენის შესწავლის ხელშესაწყობად ზედიზედ მეორე წელია სიტყვით გამოსვლის კონკურსს აწყობს. წლევანდელ შეჯიბრში მონაწილეები ქართულ და იაპონურ სპორტს განიხილავენ, ისაუბრებენ შარშანდელ პარიზის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე, იქ გაგზავნილ ქართველ და იაპონელ ათლეტებსა და მათ წარმატებულ ასპარეზობაზე.

კონკურსში სამი კატეგორიაა (დამწყები, საშუალო და მაღალი დონის) და თითოეულ მათგანში გამარჯვებულს ჟიურის წევრები გამოავლენენ. გამარჯვებულებს სერტიფიკატებს საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიზუკა ჰიდეკი გადასცემს. ენის კონკურსში მონაწილე და სხვა დაინტერესებულ სტუდენტებს საელჩო იაპონიაში სტიპენდიით სწავლის შესაძლებლობასაც სთავაზობს. MEXT-ი ოთხ ძირითად პროგრამას მოიცავს: იაპონური ენისა და კულტურის სასწავლო პროგრამა, ბაკალავრიატის, კვლევის პროგრამა და სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა. წელს MEXT-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება აპრილიდან არის დაგეგმილი და დამატებითი ინფორმაციის ხილვა მსურველებს საელჩოს ვებ გვერდზე შეეძლებათ.