ავტორი:

პროკურორის განმარტებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი, მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა

პროკურორის განმარტებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი, მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა

პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

როგორც ჯავარაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებმა არაერთხელ დაარღვიეს გირაოს პირობები, „ისინი სისტემატურად, არასაპატიოდ არ ცხადდებოდნენ სასამართლოში“. ამასთან, პროკურორის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ამას გარდა, პროკურორმა შუამდგომლობაში განაცხადა, რომ დაკავებულებისთვის შეფარდებული გირაო 50 000-50 000-ლარი გადაირიცხოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა განმარტა, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ბრალდებულების მხრიდან არასათანადო ქცევას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი სხდომებზე საპატიო მიზეზით - ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადებულან, თუმცა, ამას მართლმსაჯულებისთვის ხელი არ შეუშლია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს აქვთ მოლოდინი, შესაძლოა, ისინი დააკავონ, სხდომაზე მაინც გამოცხადდნენ, რაც პროკურორის არგუმენტს ეწინააღმდეგება, რომ ისინი მოსალოდნელი სასჯელის შიშით შეიძლება მიიმალონ.

ამ წუთებში, სასამართლოში ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, გამოძიების ინფორმაციით, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.